ლევან იზორია ბრიუსელში ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე წარსდგება
ბრიუსელში მიმდინარე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღეს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) ფორმატში ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას კიდევ ერთხელ ექნება საშუალება, საქართველოს სახელით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართული ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე საჯაროდ განაცხადოს მტკიცე პოზიცია, რომ ჩვენი ქვეყანა ნატო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება.
როგორც ლევან იზორიამ განაცხადა, საქართველო ნატო-ს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მომავალშიც იმ რაოდენობით გააგრძელებს კონტრიბუციას, რა რაოდენობითაც დღეს არის წარმოდგენილი.
თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მინისტერიალის ფარგლებში განხილული ინიციატივებისა და თემების მიმართ საქართველო აბსოლუტურად ადეკვატურია თავის რეფორმებში და ამ რეფორმების განხორციელებით მოწინავე და პროგრესული ქვეყანაა, რაც გაცხადდა კიდეც.
ლევან იზორიამ ივლისში, ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს სამიტის მოლოდინებზეც გაამახვილა ყურადღება.
„გვაქვს მკაფიო მოლოდინი, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი საჯაროდ გაცხადდება განცხადებაში, რომელსაც ნატო-სთან ერთად საქართველო მიიღებს და რაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მყარი საფუძველი და ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“,- განაცხადა ლევან იზორიამ.