საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ რასელ სანბორნს უმასპინძლა.
შეხვედრაზე აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან იზორიამ საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმების პროცესში, სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.
თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ 2018 წელს, ორმხრივი ერთობლივი პროგრამებისა და ინიციატივების განხორციელებით, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობა უფრო მჭიდრო და ინტენსიურ სახეს მიიღებს. მხარეებმა ყურადღება ერთობლივი სამხედრო წვრთნების მნიშვნელობაზე გაამახვილეს. აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალები მრავალეროვნული სამხედრო სწავლების – Agile Spirit-ის მომზადებაში აქტიურად არის ჩართული. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, წელს მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას საზღვაო კომპონენტიც დაემატება, რაც რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.
შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუცია წარმოადგენდა. ლევან იზორიამ ამერიკელ სტუმრებს ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ საპასუხისმგებლო მისიისთვის მოსამზადებელ პერიოდში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ამოქმედებას, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტია და მიზნად ისახავს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან იზორიამ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის გადასროლისწინა პროგრამის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი მეთიუ კორბატი, რომელიც საქართველოში საქმიანობას ასრულებს, თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე დაესწრნენ.
ამერიკული მხრიდან თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე დელეგაციის წევრები და საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.