ლევან იზორია - ადმირალ ჯეიმს ფოგოს ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმ მჭიდრო თანამშრომლობის, რომელიც აშშ-სთან გვაქვს
ლევან იზორია - ადმირალ ჯეიმს ფოგოს ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმ მჭიდრო თანამშრომლობის, რომელიც აშშ-სთან გვაქვს

ნატო-საქართველოს სწავლების ფარგლებში, ადმირალ ჯეიმს ფოგოს ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმ მჭიდრო თანამშრომლობის, რომელიც ჩვენს მთავარ სტატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ადმირალ ჯეიმს ფოგთან გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა.

„შესაძლებლობა გვქონდა, შეგვეფასებინა ჩვენი თანამშრომლობის დინამიკა, რომელიც უპრეცედენტოდ მაღალია. ვთქვით, რომ ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა, როგორიც დღეს გვაქვს, არასდროს გვქონია. ამას სხვადასხვა ინიციატივა მოწმობს. განსაკუთრებით საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წარმატებით განხორციელება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველო–ნატოს ერთობლივ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლების „მტკიცე სულის“ შესახებ, რომელიც საქართველოში წელს გაიმართება.

მისი თქმით, სწავლება მიმართულია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ.

„განსაკუთრებით მახარებს ფაქტი, რომ ადმირალთან მქონდა შესაძლებლობა, მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე მესაუბრა, რაც უფრო დინამიური და მასშტაბური იქნება. სიმბოლურია, რომ სწორედ ნატო-საქართველოს სწავლების ფარგლებში ვგეგმავთ, როგორი წარმატებული უნდა იყოს შემდგომი, 2022 წელს დაგეგმილი ნატო-საქართველოს სწავლება, სადაც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობა იქნება უფრო დიდი და ამით უზრუნველყოფთ მეტ უსაფრთხოებასა და დაცულობას რეგიონში, უფრო მეტად დავაახლოებთ ჩვენს ქვეყანას ნატო-სთან“, – განაცხადა ლევან იზორიამ.