ლევან იოსელიანის განცხადებით, პარლამენტის მიერ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის მაღალი კვორუმით არჩევა ყველა შემთხვევაში გამოსავალი არ არის
ლევან იოსელიანის განცხადებით, პარლამენტის მიერ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის მაღალი კვორუმით არჩევა ყველა შემთხვევაში გამოსავალი არ არის

პარტია „მოქალაქეების“ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პარლამენტის მიერ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის მაღალი კვორუმით არჩევა ყველა შემთხვევაში გამოსავალი არ არის.

მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ინიციატივა მხოლოდ ხელისუფლებას არ ეკუთვნის, არამედ ამაზე ოპოზიციაც დიდი ხნის განმავლობაში საუბრობს.

„მას შემდეგ, რაც გავეცნობი პაკეტს, გადავწყვეტ, როგორი პოზიცია გვექნება ამ ინიციატივის მიმართ. პაკეტი ჯერ არ მინახავს, ვინაიდან ამ სამუშაო ჯგუფის წევრი არ ვარ. ზოგადად, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა მარტო ხელისუფლების ინიციატივა არ არის, ამაზე დიდი ხანია, ოპოზიციაც საუბრობს, რომ ასეთი ბიუროს შექმნა აუცილებელია. რა ფორმით შეიქმნება, რა ფუნქციები ექნება და რეალურად, ექნება თუ არა ფუნქცია, განახორციელოს ზედამხედველობა საგამოძიებო უწყებებზე და რაიმე სასიკეთოდ შეცვალოს, ამას მას შემდეგ ვნახავ, რაც მექნება დოკუმენტი, სადაც წერია კანონპროექტი.

მაღალი კვორუმით არჩევა ყველა შემთხვევაში არ არის გამოსავალი. ვხედავთ, მაღალი კვორუმით არჩევას შემდეგ როგორი გადაწყვეტილებები მოჰყვება ხოლმე, როდესაც არის კვორუმის დაყვანა უბრალო უმრავლესობამდე და საბოლოო ჯამში, უარეს მდგომარეობას ვიღებთ, როგორიც მივიღეთ, მაგალითად, ცესკო-ს შემთხვევაში. ექვსი თვით გვყავს მოვალეობის შემსრულებელი, მაგრამ ექვსი თვით ფაქტობრივად ვირჩევთ მის ხელმძღვანელს და პროკურატურის შემთხვევაში, როცა ერთწლიანი პროკურორი გვეყოლება 2026 წლიდან. ამიტომ ეს არ არის ყოველთვის გამოსავალი, ამ შემთხვევაში, გამოსავალი არის პროცესში ისეთი სტრუქტურის შექმნა, რომელსაც ექნება გამაწონასწორებელი ფუნქცია ამ რგოლში. დეტალურად მას შემდეგ შევძლებ საუბარს, რაც კანონპროექტს გავეცნობი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.