ლევან იოსელიანი - შალვა ნათელაშვილის გუშინდელი საქციელი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მას მოლაპარაკება არ აინტერესებს
შალვა ნათელაშვილის გუშინდელი საქციელი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მას მოლაპარაკება არ აინტერესებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ოპოზიციაში არის ხალხი, ვისთვისაც მოლაპარაკებები არაფერს ნიშნავს.
„ოპოზიციაში არის ხალხი, ვისთვისაც მოლაპარაკებები არაფერს ნიშნავს და მიუღებელია. ჩემი აზრით, შალვა ნათელაშვილის გუშინდელი საქციელი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მოლაპარაკება არ აინტერესებს. მაგიდაზე ძალიან მნიშვნელოვანი წინადადება დევს, ეს არის სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმა. ეს თუ არ გაინტერესებს, უნდა თქვა, რა გაინტერესებს, რიგგარეშე არჩევნების გარდა. ადამიანები, ვინც დასავლეთიდან მოგვიწოდებენ, პოლიტიკური კრიზისი დავასრულოთ შეთანხმებით და ოპოზიციას ეუბნებიან, პარლამენტში შემოვიდნენ, ეს არის სწორი, რადგან ისინი სხვანაირად ვერ ხედავენ ქვეყნის განვითარების ინსტიტუციურ შესაძლებლობას. შეთანხმება ამის შესაძლებლობას იძლევა და სწორედ ამიტომ მოგვიწოდებენ, რადგან მაგიდაზე ალტერნატივა დევს და ეს ყველამ უნდა გაიაზროს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გუშინდელი შეხვედრის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ კონსულტაციებზე მედიატორმა პირველ თემად საკანონმდებლო ორგანოში შესვლა, საარჩევნო და სასამართლო რეფორმა დააყენა. შალვა ნათელაშვილმა კრისტიან დანიელსონის მიერ ინიცირებული შეხვედრა, რომელსაც მმართველის პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლების ესწრებოდნენ, პროტესტის ნიშნად დატოვა.