ლევან იოსელიანი - სახალხო დამცველის აპარატი ზედამხედველობას გაუწევს ლაზარე გრიგორიადისის საპროცესო უფლებების დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის საკითხს
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მისმა წარმომადგენელმა რუსთაველის გამზირზე, აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა.
იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ზედამხედველობას გაუწევს გრიგორიადისის საპროცესო უფლებების დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის საკითხს.
„სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ახლახან მოინახულა ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ესაუბრა მას როგორც მისი დაკავების, ისე დაწესებულებაში განთავსების პირობებზე. სახალხო დამცველის აპარატი საქმის მიმდინარეობის პროცესში ზედამხედველობას გაუწევს როგორც მისი საპროცესო უფლებების დაცვის, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის საკითხს“, – წერს იოსელიანი სოციალურ ქსელში.
დღეს საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგად დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. გამოძიების ცნობითვე, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.