ლევან იოსელიანი - სახალხო დამცველი იყო, არის და იქნება ჩართული ყველა პროცესში, რომელიც დაკავშირებულია სასამართლოსთან
სახალხო დამცველისთვის შეუძლებელია, ჩამოშორდეს სასამართლოს საკითხს, მათ შორის, სასამართლოს რეფორმირების, სასამართლოს მონიტორინგის საკითხს, ვინაიდან ეს არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონმდებლობით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განუცხადა.
ლევან იოსელიანს კითხვა დაუსვეს მისი მოადგილის, ნათია ჯულაყიძის განცხადებაზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველი ჩართულია სასამართლოსთან დაკავშირებულ ყველა პროცესში.
„არ ვიცი, რამ გამოიწვია გაუგებრობა, მაგრამ მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ სახალხო დამცველი იყო, არის და იქნება ჩართული ყველა პროცესში, რომელიც დაკავშირებულია სასამართლოსთან, მათ შორის, ჩვენ დღესაც ვმონაწილეობთ სამუშაო შეხვედრებში, დღესაც ვახდენთ კონკრეტული საქმიანობის მონიტორინგს, დღესაც დავდივართ წინასწარი დაკავების იზოლატორებში. ეს, ბუნებრივია, არის ჩვენი მანდატის ნაწილი და ამას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი გურო იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე გამოსვლისას რამდენიმე მცდარი რამ თქვა. მათ შორის, იმნაძის თქმით, ნათია ჯულაყიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სახალხო დამცველის მანდატი შეზღუდულია მართლმსაჯულების თემებზე.