გურო იმნაძე - ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას სახალხო დამცველის მოადგილემ რამდენიმე მცდარი რამე თქვა
გადაპრანჭულ სასტუმროებში უშინაარსო შეხვედრების ორგანიზება და ამისთვის „მედიაციის“ დარქმევა ნამდვილად არაა სახალხო დამცველის მანდატი, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელი გურო იმნაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გურო იმნაძე აღნიშნავს, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე გამოსვლისას რამდენიმე მცდარი რამ თქვა.
„რამდენიმე მცდარ რამეს ამბობს სახალხო დამცველის მოადგილე ამ გამოსვლაში:
1) სახალხო დამცველის მანდატი შეზღუდულია მართლმსაჯულების თემებზეო – სახალხო დამცველს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მანდატი მართლმსაჯულებაზე, როგორც კონკრეტული საქმეების შეფასებისა და უფლებების დარღვევის დადგენის კუთხით, ისე სისტემურ რეფორმებზე რეკომენდაციების მომზადება. ასევე, კონსტიტუციური სარჩელის ინსტრუმენტი, მათ შორის, სასამართლო რეფორმებზე. არასდროს ეს საკითხი დისკუსიის საგანი არ გამხდარა, ფაქტობრივად ყველა მენეჯმენტის დროს სახალხო დამცველის ოფისი აქტიურად იყო სასამართლო რეფორმებში ჩართული და ახლა ძალით რატომ უნდათ, რომ თავადვე დაივიწროვონ მანდატი, არ მესმის;
2) 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებს სამოქალაქო ორგანიზაციებმა ბოიკოტი გამოუცხადესო – არცერთ იმ ორგანიზაციას, ვინც სამუშაო ჯგუფში იყო მიწვეული, პროცესისთვის ბოიკოტი არ გამოუცხადებია. პირიქით, ჩვენ ვითხოვდით უფრო მეტ ღიაობას და ჩართულობას ამ ჯგუფებში და პირიქით, თავად „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა ISFED-ი არჩევნების სამუშაო ჯგუფიდან. კარგი იქნებოდა, მოადგილეს ამ ნაწილზე ესაუბრა, თუ მაინცდამაინც ჩართულობა აღელვებდა. თორემ ჩვენ, მაგალითად, წინა კვირებშიც ვესწრებოდით მართლმსაჯულების რეფორმის სამუშაო ჯგუფს და უშედეგოდ ვარწმუნებდით ხელისუფლებას, რომ უფრო რეალური ნაბიჯები გადადგან სასამართლოს რეფორმისთვის. სამუშაო ჯგუფებზე თუკი რამის თქმა ღირს, ისაა, რომ არც ჩვენი და, მათ შორის, არც სახალხო დამცველის არცერთი ფუნდამენტური რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებია ხელისუფლებას;
3) სახალხო დამცველი იქნება მედიატორი სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებს შორისო – სახალხო დამცველი არ უნდა იყოს რაღაც მოჩვენებელი პროცესების ინიციატორი, რომლის ერთადერთი მიზანიც საჩვენებელი თიქების დასმაა. სახალხო დამცველის მთავარი ფუნქცია ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა და უფლებადამცველების მხარდაჭერაა.
P.S. თვეებია, ახალი ხელმძღვანელობა საქმიანობას შეუდგა და ერთი შინაარსიანი შეხვედრა არ ჰქონიათ სამოქალაქო ორგანიზაციებთან თუ აქტივისტებთან. გადაპრანჭულ სასტუმროებში უშინაარსო შეხვედრების ორგანიზება და ამისთვის „მედიაციის“ დარქმევა ნამდვილად არაა სახალხო დამცველის მანდატი.
P.P.S. მერჩივნა, ეს კრიტიკა სხვა გარემოში გამეჟღერებინა, მაგრამ როცა თავად სახალხო დამცველის მოადგილე ამხელა ტრიბუნიდან ამ დონეზე ამახინჯებს რეალობას, არ ვიცი, მეტი გზა არ არსებობს. იმედია, პოლიტიკური შემრიგებლის როლიდან მალე გამოვლენ და დროზე მიხვდებიან, ვინ არის მათი მთავარი მოკავშირე იმ საქმეში, რასაც აკეთებენ ან უნდა აკეთებდნენ“, – წერს გურო იმნაძე „ფეისბუქზე“.