ლევან იოსელიანი - ოპოზიციის შიგნით თუ ვერ შევძელით შეთანხმება რაღაც არსებითზე, რასაც ამავე დროს პერსპექტივა ექნება, მეხუთე რაუნდს აზრი არ აქვს
ოპოზიციის შიგნით თუ ვერ შევძელით შეთანხმება რაღაც არსებითზე, რასაც ამავე დროს პერსპექტივა ექნება, მეხუთე რაუნდის ჩატარებას აზრი არ აქვს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ შეთანხმების მიღწევას ისახავს მიზნად მათი ინიციატივა სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან შეხვედრის თაობაზე.
„მეხუთე რაუნდი თავისით არ ჩატარდება, ამ რაუნდს სჭირდება მომზადება და პოზიციების დაახლოება. თვითონ ოპოზიციის შიგნით თუ ვერ შევძელით რაღაც არსებითზე შეთანხმება, რომელსაც ამავე დროს ექნება „ქართული ოცნებისგან“ რაღაც დონეზე მიღების პერსპექტივა, მაშინ მეხუთე რაუნდის ჩატარებას აზრი არ ექნება და არც ჩატარდება. პოზიციები იმდენად არის დაშორებული ერთმანეთისგან, რომ ოთხი რაუნდი ჩატარდა, შედეგი არ გამოიღო, ნაწილობრივ გამოიღო მხოლოდ, ერთ ნაწილში. ამიტომ საბოლოო შეთახმებამდე საჭიროა, პოზიციები დაახლოვდეს. ამიტომ არის ჩვენი ინიციატივა, რაც წამოვიწყეთ, რომ შევხვდეთ პარტიებს. თუ არ შეგვხვდებიან, ეგ მათი გადაწყვეტილება იქნება და უბრალოდ გვეცოდინება, რომ არ უნდათ ამაზე საუბარი. ესეც პოზიციაა. ჩვენ შევეცდებით, დავარწმუნოთ იმ წინადადების სისწორეში, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის ერთ-ერთი საშუალება მეხუთე რაუნდის მომზადებისთვის“, – განაცხადა იოსელიანმა.
კითხვაზე, რომელი ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან მათთან მოლაპარაკებას, იოსელიანმა უპასუხა, რომ „გირჩის“ გარდა, შეხვედრის სურვილი „სტრატეგია აღმაშენებლის: ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც გამოთქვა.
„გირჩმა“ გამოთქვა სურვილი და შევხვდით, გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ შეგვხვდება და შევხვდებით. იმედი მაქვს, ყველასთან მოხდება შეთანხმება. მგონი, ლაპარაკს წინ არაფერი უდგას და შევძლებთ, ვისაუბროთ. მეორე საკითხია რაღაცაზე შევთანხმდებით თუ არა. არამგონია, რომ ვინმემ უარი თქვას საუბარზე მაინც“, – განაცხადა იოსელიანმა.