ლევან იოსელიანი - ნიკა მელიამ იმდენად გადაავადა პარტიული პრობლემა, რომ ეს პრობლემა, როგორც თავმჯდომარეს, გადაიყოლებს, ეს ადამიანები ორი წლის წინ რომ ემხილა, პრობლემები ახლა არ ექნებოდა
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ნიკა მელიას პარტიულ პრობლემაზე ორი წლის წინ რომ ესაუბრა, კონკრეტული ადამიანები ემხილა და ეთქვა, რომ მას არჩევნებისას გლდანში უპირისპირდებოდნენ, ახლა პრობლემები არ ექნებოდა.
იოსელიანის თქმით, ნიკა მელიამ იმდენად გადაავადა პარტიული პრობლემა, რომ ეს პრობლემა მას, როგორც თავმჯდომარეს, გადაიყოლებს.
„ნიკა მელიას ამ ყველაფერზე ორი წლის წინ რომ ესაუბრა, დღეს იმ პრობლემების წინაშე არ დადგებოდა, რის წინაშეც დგას. ამ თვალსაზრისით, პოლიტიკა მედიცინას ძალიან ჰგავს – თუ ჯანმრთელობის პრობლემას დიდი ხნით გადაავადებ, შეიძლება, გადაგიყოლოს კიდეც. ნიკა მელიამ იმდენად გადაავადა პარტიული პრობლემა, რომ ეს პრობლემა მას, როგორც თავმჯდომარეს, გადაიყოლებს. მას ეს ადამიანები რომ ემხილა და ეთქვა, რომ გლდანში უპირისპირდებოდნენ, „ქართული ოცნების“ საქმეს აკეთებდნენ, ეს პრობლემები ახლა არ ექნებოდა. ამ ყველაფერზე საუბარი ორი წლის შემდეგ, როცა მისი ბედი გადაწყვეტილია, უკვე დაგვიანებულია. ვანო მერაბიშვილის ფაქტორის გამოჩენას მხოლოდ დადებითად ვაფასებ, რადგან უფრო ნაკლები ადამიანი მისცემს ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ და უფრო შეუმცირდებათ ნდობა. თუ უნდა დაბრუნდნენ ის ადამიანები, ვინც ქვეყანაში უამრავი დანაშაული ჩაიდინეს, მგონია, რომ მაშინ ამ პარტიას საკუთარი მომხრეებიც აქტიურად მიატოვებენ“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა, რომ მასა და ვანო მერაბიშვილს შორის დაპირისპირება დაიწყო 2020 წელს, როდესაც მელია გლდანში იყრიდა კენჭს, როგორც საერთო ოპოზიციური კანდიდატი. მელიას თქმით, მერაბიშვილი აქტიურად იყო ჩართული მისი საარჩევნო შტაბის დანგრევაში.