ნიკა მელია - ჩემსა და მერაბიშვილს შორის დაპირისპირება დაიწყო 2020 წელს, როცა გლდანში ვიყრიდი კენჭს, ის აქტიურად იყო ჩართული ჩემი საარჩევნო შტაბის დანგრევაში
ნიკა მელია - ჩემსა და მერაბიშვილს შორის დაპირისპირება დაიწყო 2020 წელს, როცა გლდანში ვიყრიდი კენჭს, ის აქტიურად იყო ჩართული ჩემი საარჩევნო შტაბის დანგრევაში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მასა და ვანო მერაბიშვილს შორის დაპირისპირება დაიწყო 2020 წელს, როდესაც მელია გლდანში იყრიდა კენჭს, როგორც საერთო ოპოზიციური კანდიდატი.

„ამ დროისთვის მელიას არც აქცია ჰქონდა დაშლილი, არც მიხეილ სააკაშვილი იყო ციხეში და არც რამე სახის პრეტენზია არსებობდა, მაგრამ ეს დაპირისპირება მოხდა. მე ვანო მერაბიშვილზე როცა ვსაუბრობ ახლა, არ ვსაუბრობ 2003-2012 წლებზე. ამ ადამიანმა 6 წლისა და 9 თვის განმავლობაში დაჰყო ბიძინა ივანიშვილის ციხეში და ვფიქრობ, არ არის ბევრი ისეთი ადამიანი ჩემ გარშემო ან ქვეყანაშიც, რომელსაც შეუძლია, 6 წელი და 9 თვე ციხეში, სამარტოო საკანში იჯდეს. ამ პერიოდს არ ვეხები. ვეხები იმას, რასაც თავად გადავაწყდი. ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებამდე მე მას გარეთ მხოლოდ ორჯერ შევხვდი. ციხეში მოხვედრის შემდეგ, პირველად იგი საფუძვლიანად ვნახე ციხეში, როცა უკვე დეპუტატი ვიყავი და მოვინახულე, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი გენერალური მდივანი. კარს მომდგარი იყო ყრილობა სპორტის სასახლეში, სადაც პარტიის დელეგატებს, წევრებს ხელახლა უნდა აგვერჩია პოლიტიკური საბჭოს წევრები და გენერალური მდივანი. გახსოვთ მაშინ, დიდი ნაწილი პარტიას გამოეყო, დააფუძნა „ევროპული საქართველო“ და ბევრისთვის, უბრალოდ, გაუგებარი იყო, სად იდგა ბატონი ვანო მერაბიშვილი, როცა ბევრი მისი მეგობარი იყო მეორე მხარეს.

შევედი მასთან მარტივი წინადადების განსახილველად. ვეუბნები ბატონს, რომ ჩვენ რამდენიმე დღეში გვაქვს ყრილობა სპორტის სასახლეში და უნდა აგირჩიოთ კვლავ თქვენ გენერალურ მდივნად, რაზეც მან კატეგორიული უარი განმიცხადა. მეტიც, მთხოვა, ეს არ გავაკეთოთ. მივხვდი, რომ ამ ადამიანს ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს, რომ აღარ უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნობა. კოლეგებთან ცენტრალურ ოფისში განვიხილეთ ეს საკითხი. ძალიან მძიმე იყო ეს პროცესი, ყრილობაზე პატიმარი ადამიანი თანამდებობიდან უნდა გადაგვეყენებინა და ვფიქრობ, ძალიან არასწორად გამოჩნდებოდა პარტიის პოზიცია. ვანო მერაბიშვილის გაცხადებული პოზიციის მიუხედავად, პარტიამ ყრილობაზე კვლავ აირჩია გენერალურ მდივნად. ზუსტად მეორე დღეს გავრცელდა მერაბიშვილის განცხადება, რომ მისი ნების წინააღმდეგ ავირჩიეთ ჩვენ იგი გენერალურ მდივნად. ამიტომ ჩემთვის არათუ არ იყო ცნობილი, 2016 წლიდან 2020 წლამდე სად იდგა ვანო მერაბიშვილი და რა პოლიტიკური პოზიცია ჰქონდა, ვიცოდი, რომ, სულ მცირე, ის არ იყო „ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, მელიას თქმით, ვანო მერაბიშვილთან ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ჰქონდა შეხვედრები, საუბარი, მოგვიანებით კი შეიტყო, რომ მერაბიშვილი აქტიურად ყოფილა ჩართული მისი საარჩევნო შტაბის დანგრევაში.

„2020 წელს ვარ გლდანში, ძალიან მძიმე საარჩევნო კამპანიაში. მალევე ირკვევა, რომ იქ ოპოზიციას აქვს ძალიან ძლიერი პოზიციები და გამარჯვების უნიკალური შესაძლებლობა არსებობს, ვებრძვით კალაძეს, ივანიშვილის ინტერესებს. ამ პროცესში მე და ბევრმა ჩემმა მეგობარმა, საარჩევნო შტაბის აქტიურმა წარმომადგენელმა აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ თურმე ვებრძვით არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“, არამედ ჩვენ გვიპირისპირდება ვანო მერაბიშვილი. მერაბიშვილი ძალიან აქტიურად ყოფილა ჩართული ჩემი საარჩევნო შტაბის დანგრევაში. ათამდე ადამიანთან მისი წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც, გადიან კონტაქტზე და ეუბნებიან, რომ დატოვეთ „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბი, მელიას საარჩევნო შტაბი, იქნებ არ დაეხმაროთ. დროთა განმავლობაში ვხედავ, რომ ცენტრალურ შტაბში ადამიანთა რაოდენობა მცირდება ჩემ გარშემო. მეტიც, დაიკარგნენ ჩემი თვალთახედვის არედან რამდენიმე დღის განმავლობაში. სამი დღის შემდეგ გამოჩნდნენ ეს ადამიანები, მოვიდნენ და მომიყვნენ სიმართლეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია ამბობს, რომ არასდროს დადგება იქ, სადაც არის ვანო მერაბიშვილი.

„არსებობს ზნეობრივი კომპრომისი, რომელსაც მე ვერ გადავაბიჯებ. ეტყობა, მან ჩათვალა, თუ მელია გლდანში გამარჯვებას მოიპოვებს, თანაც ერთადერთი გამარჯვებული ოპოზიციონერი კანდიდატი იქნება, შემდეგ ამას პოლიტიკურ კისერს როგორ მოვუღრეც. არ ვიცი, რა იმალება ამ ადამიანში. მთელი მისი ძირითადი ნაწილი ცხოვრებისეული გზისა, რითი ხასიათდება – ხასიათდება ინტრიგებით, ადამიანების ერთმანეთთან გადაკიდებით. მე როდესაც ვიცი, რომ ამ წლების განმავლობაში ამ პარტიაში ბევრ ადამიანთან ერთად უკან არაფრისგან დამიხევია, ვიბრძოლე და ვიბრძოლებ ბევრი ხნის განმავლობაში, ასე მექცევა ადამიანი, რომელსაც უნდა გავლენის მოპოვება პარტიაში. მე რა სინდისით ან რა მორალით უნდა ვეცადო და დავარწმუნო ნებისმიერი გადაუწყვეტელი ან გადაწყვეტილებამიღებული ამომრჩეველი, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მსგავს მანკიერებებს აღარასდროს გაიმეორებს. როდესაც ეს ხალხი ხედავს, რომ მე ვარ ადამიანი, რომელსაც თავად გადამხდა, რასაც ვყვები, როგორ დავარწმუნო, რომ ცვლილება ყოველთვის ნიშნავს უკეთესობას. დავრწმუნდი, ამ ადამიანების შემთხვევაში, რომლებისთვისაც მსგავსი მეთოდები არის პროზაული, ცხოვრების ნაწილი, ბრძოლა შეუძლებელია. საზოგადოებისთვის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ალტერნატივის შეთავაზება შეუძლებელია, არ ვართ გულწრფელები. 2020 წელს, როცა საწადელს ვერ მიაღწია, როდესაც მე ვიყავი ალყაში, ცენტრალურ ოფისში, ვიდრე დამაკავებდნენ, მითხრეს, რომ იყო ეზოში მოსული. მე ვთქვი, რომ არ მქონდა შეხვედრის სურვილი. არ მაქვს შეხვედრის სურვილი და არც არასოდეს მექნება, არასდროს ხელს არ ჩამოვართმევ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.