ლევან იოსელიანი - ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ოპოზიციის ნაწილს შეთანხმება არ უნდა, ჩვენ პირველებმა დავიწყეთ ამაზე საუბარი და პირველი დარტყმა მივიღეთ
ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ოპოზიციის ნაწილს შეთანხმება არ უნდა, ჩვენ პირველებმა დავიწყეთ ამაზე საუბარი და პირველი დარტყმა მივიღეთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა ოპოზიციის შიდა დაპირისპირებაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, პრობლემაა, რომ ოპოზიცია ერთმანეთში არ ლაპარაკობს.
„ოპოზიციაში რომ ასეთი კომუნიკაციის ფორმებია, რაც ჩვენ გამოვიარეთ, რაც გამოხატული იყო კომუნიკაციაზე უარის თქმაში, ეს ძალიან ცუდია. ჩემი აზრით, პრობლემაა, რომ ოპოზიცია ერთმანეთში არ ლაპარაკობს და არ ლაპარაკობს გულწრფელად. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და ვაპირებთ, ეს ბოლომდე მივიყვანოთ. ამიტომ არავისთან რაღაც ტიპის შეთანხმებას და მოლაპარაკებებს ამ საკითხზე არ ვაპირებთ.
ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ოპოზიცია იყოფა ორ ნაწილად, ნაწილი რომელიც შეთანხმების მომხრეა, რომელსაც უნდა პროცესის მოლაპარაკებებით დასრულება და მეორე, რომელსაც ეს არ უნდა. ეს ახლა უფრო გამოჩნდა. პირველი ჩვენ ვიყავით, ვინც ამაზე ხმამაღლა დავიწყეთ საუბარი. პირველი დარტყმა ჩვენ მივიღეთ. ახლა სხვებიც საუბრობენ ამაზე, როგორც ჩანს. ეს საბოლოო ჯამში, საზოგადოებას დაანახებს, საბოლოოდ ვის რა უნდა ამ პროცესისგან“, – განაცხადა იოსელიანმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებაზე, „გირჩის“ ოპოზიციიდან გარიცხვის თაობაზე.
„შეუძლებელია ვიღაცამ ოპოზიციიდან ვინმე გარიცხოს, ეს არ არის კლასის სადამრიგებლო. ოპოზიციაში ხარ თუ არა, ამას წყვეტს ამომრჩეველი. ამომრჩეველი სადაც მიგიჩენს ადგილს, იქ იქნები. საბოლოო ჯამში ეს გამოჩნდება არჩევნებზე“, – განაცხადა იოსელიანმა
მისივე თქმით, „ენდიაის“ კვლევის შედეგებით გამოჩნდა, რომ მოსახლეობის უმეტესობას სურს, პარტიებს შორის დებატებმა პარლამენტში გადაინაცვლოს.
„რაც ცალსახად დავინახე ამ კვლევიდან, ის არის, რომ ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდ ნაწილს უნდა, რომ დებატებმა გადაინაცვლოს პარლამენტში. ეს ვნებათაღელვა მიდიოდეს იქ, სადაც ამის ადგილია. ეს რომ იქ არ ხდება, შეიძლება ამის ბრალიც არის, რომ ოპოზიციის მიმართ განწყობები არის შეცვლილი“, –
ამასთან, იოსელიანის განცხადებით, პარლამენტში შესვლის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარტია „მოქალაქეები“ მაშინ მიიღებს, როდესაც „ქართული ოცნება“ პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.
„მას შემდეგ, რაც დავასრულებთ მოლაპარაკებებს „ქართულ ოცნებასთან“, მას შემდეგ რაც დავინახავთ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც შევათანხმებთ ყველა იმ პუნქტს, რომელიც ჯერ კიდევ შეუთანხმებელია.
„ქართულ ოცნებასთან“ ჩვენი შემდგომი შეხვედრა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება პროცესები, რა იქნება ე.წ. კარტოგრაფების სასამართლოზე. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, გავაგრძელებთ თუ არა შეხვედრებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“ დაგვანახოს, რომ გარდა საარჩევნო რეფორმისა, მათ აქვთ მზაობა, გდადგან კონკრეტული ნაბიჯები დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით. თუ მათ არ გამოუშვებენ, ჩვენთვის გართულდება მათთან მოლაპარაკებების გაგრძელება, რადგან ჩვენ ეს საკითხი დავაყენეთ ძალიან პრინციპულად. ამ პროცესის გამოცდილება მაჩვენებს, რომ მოლაპარაკებების მიმდინარეობა, როგორც წესი, კარგად აისახება პატიმრების ბედზე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.