ლევან იოსელიანი - ცესკო-ს თავმჯდომარეობისთვის შერჩეული ორი კანდიდატი იმ სისტემის წარმომადგენელია, რომლის მიმართაც საზოგადოებაში ნდობა არ არის
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატად კომისიის მიერ შერჩეული ორი კანდიდატი არ გამოხატავს ყველა პოლიტიკური ჯგუფისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, ორივე კანდიდატი არის იმ სისტემის წარმომადგენელი, რომლის მიმართაც ბოლო არჩევნების გამო საზოგადოებაში ნდობა არ არის.
„ჩემი აზრით კონსენსუსის მიღწევა ძალიან რთული იქნება. შეიძლება ისინი აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, არ ვიცი, შეიძლება თავის საქმის კარგი მცოდნეები არიან, მაგრამ ისინი არ გამოხატავენ ყველა პოლიტიკური ჯგუფისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას. მათი მხარდაჭერა არ აქვთ, იმ ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც იყვნენ კომისიის მონაწილეები. მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყოს ადამიანი, რომელსაც პირველ რიგში საზოგადოების ნდობა და შემდეგ პოლიტიკური სპექტრის ფართო ნდობა ექნება. მათ შორის ოპოზიციის ნდობაც. როდესაც იმავე სისტემიდან გვთავაზობენ ადამიანებს, ასეთი ნდობის მოპოვება მათ გაუჭირდებათ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრების პროცესი დასრულებულია. საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორი, ხოლო წევრობის ხუთი კანდიდატი შეარჩია.
კომისიის გადაწყვეტილებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებად შერჩეულნი არიან გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის კანდიდატებად – გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარა სართანია.