ლევან იოსელიანი - არ შეიძლება, ჯამურად 5-6-პროცენტიანი მხარდამჭერის მქონე პარტიებს პრეტენზია ჰქონდეთ, რომ შეძლებენ პროცესის წარმართვას, რომელიც გამოიწვევს სახალხო მღელვარებას თუ სახალხო მოძრაობას
არ შეიძლება, ჯამურად 5-6-პროცენტიანი მხარდამჭერის მქონე პარტიებს პრეტენზია ჰქონდეთ, რომ შეძლებენ პროცესის წარმართვას, რომელიც გამოიწვევს სახალხო მღელვარებას თუ სახალხო მოძრაობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა ზურაბ ჯაფარიძის განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.
„მე მიმაჩნია, რომ ზოგადად ასეთი განცხადებები პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რომელთაც არ აქვთ სოლიდური მხარდაჭერა საზოგადოებაში, საბოლოოდ უბრალოდ ფრუსტრაციას იწვევს იმ განწყობების, რომლებიც შეიძლება, არსებობდეს, ოპოზიციურ განწყობებს ვგულისხმობ. ჩემი აზრით, არ შეიძლება, პარტიებს, რომელთაც ჯამურად ხუთი-ექვსი პროცენტი უჭერს მხარს, პრეტენზია ჰქონდეთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით შეძლებენ ისეთი პროცესის წარმართვას, რომელიც გამოიწვევს საერთო სახალხო მღელვარებას თუ სახალხო მოძრაობას. ასეთი რამ ბევრჯერ დაანონსდა, ბევრჯერ ვნახეთ, მაგრამ შედეგი არ გამოიღო. საბოლოო ჯამში, ეს იმედგაცრუებები გროვდება, გროვდება და ისევ ოპოზიციას უბრუნდება ცუდად. ამიტომ მე ყველას ვთხოვდი, ეს გაითვალისწინონ, სანამ ასეთ დაანონსებას გადაწყვეტენ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
კითხვაზე, თუ ჩაურიცხავს მისი გუნდი თანხას ზურაბ ჯაფარიძეს, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ის და ალეკო ელისაშვილი თანხას მხოლოდ საკუთარ პარტიას ურიცხავენ.
„ალეკო ელისაშვილი არის ყველაზე ღარიბი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. არც მე გამოვირჩევი ძალიან დიდი სიმდიდრით. თუ რამე თანხას ვუყრით თავს, ვურიცხავთ ჩვენს პარტიას მხოლოდ. ასე რომ, სხვისთვის არაფერი გვაქვს ჩასარიცხი“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ სექტემბრიდან პროტესტი გაძლიერდება. „მე გთავაზობთ ბრძოლას ამათთვის ძალაუფლების წართმევისთვის. გთავაზობთ ბრძოლას ისეთი მეთოდებით, როგორიცაა დაუმორჩილებლობა, პროტესტი და საბოტაჟი. ამათ ხელი უნდა შევუშალოთ ძალაუფლების შენარჩუნებაში. დაუმორჩილებლობა პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნა ჯაფარიძემ. ამასთან, ჯაფარიძემ სოციალური ქსელით მოქალაქეებს მიმართა: „იდეების მოფიქრება თუ არ არის თქვენი ძლიერი მხარე და ვერც ფიზიკურად ახერხებთ საპროტესტო აქტივობებში მონაწილეობას, შეგიძლიათ, დაგვეხმაროთ ფულით“.