ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე ტინი კოქსს დაუჭირა მხარი
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე ტინი კოქსს დაუჭირა მხარი

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე ტინი კოქსს დაუჭირა მხარი.

იოსელიანის შეფასებით, ტინი კოქსს სწორი გზავნილები ჰქონდა, განსაკუთრებით, რუსეთთან და უკრაინასთან მიმართებით.

„აბსოლუტური უმრავლესობით იქნა ტინი კოქსი არჩეული და ვულოცავ მას. რა თქმა უნდა, მეც დავუჭირე მხარი, ისევე როგორც დელეგაციის სხვა წევრებმა. მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი გზავნილები გააჟღერა, განსაკუთრებით, რუსეთთან და უკრაინასთან მიმართებაში. იმედი მაქვს, ეს უფრო და უფრო შედეგიანი იქნება სამომავლოდ პოლიტიკის ჩამოყალიბების მიმართულებით“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად, უკვე მეორედ, ტინი კოქსი აირჩიეს. კოქსის კანდიდატურას 175-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი უკრაინელი ალექსანდრ მერეჟკო იყო, რომელმაც 44 ხმა მიიღო.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე ტინი კოქსს დაუჭირეს მხარი.

მისი თქმით, ტინი კოქსს პოლიტიკურ პროცესებზე ყოველთვის სწორი პოზიცია აქვს და აქედან გამომდინარე, ის იყო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატი.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, კენჭისყრისას მან მხარი დაუჭირა პრეზიდენტობის მეორე კანდიდატს, უკრაინელ ალექსანდრ მერეჟკოს.