ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატის ლევან გორელაშვილის განცხადებით, სასამართლოს საქმიანობაში მოხდა უხეში ჩარევა, თუმცა ვისი მხრიდან, ადვოკატი ვერ აკონკრეტებს.
მისი თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას კვლავ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ და უარის შემთხვევაში სარჩელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანენ.
როგორც ცნობილია, ბაგრატიონ-გრუზინსკების მხარე დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო სახელისა და ტიტულის გამოყენებას ედავება.
„სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ბრძოლა არ შედგა. ბრძოლა რომ შემდგარიყო, აუცილებლად გავიმარჯვებდით. საეჭვოა, რომ მოხდა ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში, რადგან სასამართლომ რადიკალურად შეცვალა მისივე გადაწყვეტილება, უარი თქვა საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე და არ ისურვა ამ საკითხის გადაწყვეტა. ჩვენ კვლავ მივმართავთ სააპელაციო სასამართლოს და მოუწევს სასამართლოს თქვას, რომ ან ის გადაწყვეტილება რაც თავად მიიღო, შეეშალა, ან კვლავ უნდა დააბრუნოს საქმე განსახილველად პირველ ინსტანციაში. ნონსენსია, როდესაც ერთი და იგივე სასამართლო ამბობს, რომ საქმეს ჯერ იხილავს, შემდეგ კი ამაზე უარს ამბობს. თუ სააპელაციო სასამართლო მხარს დაუჭერს საქალაქოს გადაწყვეტილებას, ჩვენ მივმართავთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს“, – აცხადებს ადვოკატი.
რაც შეეხება შესაძლო ძალადობის ფაქტს, ადვოკატი ამბობს, რომ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები.
„ჩვენ ინტერესშია, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა აღიაროს ძალადობის ფაქტი. ჩვენი მიზანი არ არის, რომ აუცილებლად ციხეში იყოს. მან უნდა აღიაროს, რომ იძალადა ანაზე. ჩვენ გვაქვს შესაბამისი მტკიცებულებები, როგორც ექსპერტიზის, ისე სატელეფონო ამონაწერები, რომელიც ადასტურებს, რომ ანა და დავითი მომხდარის დროს ერთად იყვნენ“, – ამბობს გორელაშვილი.
რაც შეეხება მხარეებს შორის არსებულ ქონებრივ დავას, ადვოკატის თქმით, თანაცხოვრების დროს შეძენილ სამ ავტომობილზე, რომელზეც დავით ბაგრატიონი აცხადებს, რომ მისი მემკვიდრეობით შეიძინა, აბსურდულია.
„ანა ბაგრატიონი ითხოვს წილს იმ ქონებიდან, რაც თანაცხოვრების დროს იქნა შეძენილი. რაც შეეხება მეორე მხარის არგუმენტებს გეტყვით, რომ წლების განმავლობაში დავით ბაგრატიონ მუხრანელი საპატრიარქოს ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და სიგარეტს ღერებზე ყიდულობდა, შედეგად მემკვიდრეობით დარჩენილი ფულით ნაყიდი ავტომობილების თემა სასაცილოა“, – აცხადება ლევან გორელაშვილი.