ლევან გოგიჩაიშვილი - თითქოს არ იმჩნევენ „ქართული ოცნების“ წევრები, მაგრამ ძალიან მძიმე და უხერხულ მდგომარეობაში არიან
„ქართული ოცნების“ წევრები თითქოს არ იმჩნევენ, მაგრამ ძალიან მძიმე და უხერხულ მდგომარეობაში არიან, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა საქალაქო სასამართლოს მიერ დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით.
გოგიჩაიშვილის შეფასებით, მმართველი გუნდი არასწორად მოიქცა, მაგრამ დღეს სასაცილო ვითარება შეიქმნა.
„გუშინ მმართველი გუნდი სწორად არ მოიქცა, მაგრამ ძალიან სასაცილო სიტუაცია შეიქმნა ახლა. ვითომ, არ იმჩნევენ „ქართული ოცნების“ წევრები, მაგრამ ძალიან მძიმე და უხერხულ მდგომარეობაში არიან. პირველ რიგში, უხერხულობა მათმა ხელმძღვანელმა, პარტიის თავმჯდომარემ შეუქმნა. რაც არ უნდა იძახონ, რომ სასამართლო თავისუფალია და ეს გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო, რა თქმა უნდა, ეს არის ძალით ნათქვამი, რომ არ გინდა ამის თქმა, სხვა გზა არ გაქვს და გიწევს თქმა“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში ძალაუფლების ვაკუუმი შექმნა.
„ქართული ოცნება“ არის პრობლემური ამ ქვეყანაში, რადგან მან ფაქტობრივად, ძალაუფლების ვაკუუმი შექმნა. მინდა, მივმართო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ელექტორატს, ყველაფერს აკეთებს „ოცნება“ იმისთვის, რომ ძალაუფლება დაკარგოს და ერთადერთი, ამ სისუსტიდან გამომდინარე, იზრდება იმ პროვოკატორების შანსი, რომ აიღონ ხელისუფლება. ამიტომ „ოცნების“ ამომრჩეველს მართებს სერიოზული სიბრძნე, რომ სწორი პოზიცია დაიკავონ“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მისი თქმით, გადაწყვეტილებებში ლოგიკა არ იკვეთება.
„დღეს კრიზისია, რადგან ლოგიკა არ არის გადაწყვეტილებებში. გუშინდელსა და დღევანდელს შორის ლოგიკა არ არის. ყველამ კარგად ვიცით, რომ არანაირი მოსამართლე დამოუკიდებლად არ მიიღებდა გადაწყვეტილებას. გუშინ სხვანაირი შემართება ჰქონდათ, დღევანდელით ისინი უხერხულობაში ჩავარდნენ. საკუთარი პარტიის თავმჯდომარესთვის საკუთარი გუნდის წევრსაც არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებს ეს ადამიანი, ჩემთვის გაუგებარია“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.
სასამართლომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
გუშინ საქართველოს პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიემართა.