ლევან გოგიჩაიშვილი პრემიერს მიმართავს - ვინ გაანადგურეთ, როდის დამთავრდა, დღემდე არის „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყნის დღის წესრიგში
ლევან გოგიჩაიშვილი პრემიერს მიმართავს - ვინ გაანადგურეთ, როდის დამთავრდა, დღემდე არის „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყნის დღის წესრიგში

ვინ გაანადგურეთ, როდის დამთავრდა, დღემდე არის „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყნის დღის წესრიგში, – ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

გოგიჩაიშვილის თქმით, ხალხი რეალურად ნერვიულობს და სამართალი ვერ ნახა ამ ქვეყანაში.

„საინტერესო დღეა, რადგან იმის მიუხედავად, რომ პრემიერ-მინისტრს არ უნდა, გაგვცეს შეკითხვებზე პასუხები, ბუნებრივია სიტყვები ბუნებაში არ იკარგება. ამიტომ, აქ ნათქვამმა სიტყვამ, შესაძლებელია, თავისი გზა ნახოს. მე მესმის, ბატონო გიორგი, თქვენი, როდესაც ასეთი პოზიცია გაქვთ. ადამიანურად, მესმის, რადგანაც, რასაც არ გრძნობთ, ის თქვენთვის არაფერს არ ნიშნავს და არ გრძნობთ ახლა ამ ამბავს, არ გტკივათ ეს ამბები. არც ის გალახული ბავშვები გტკივათ, რასაც ამათი სისტემა უკეთებდა 2010 წლიდან 2012 წლამდე. არც შევარდნილი სპეცნაზი პენიტენციურ სისტემაში. რომ გტკენოდატ, მაშინ ჩამოხვიდოდით და ამ ქვეყანაში იქნებოდით 2004 წლიდან 2011 წლის 7 ოქტომბრამდე სულ მცირე და უბრალოდ, ჩვენთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად იბრძოლებდით ამ რეჟიმის წინააღმდეგ. მაგრამ თქვენ ჩამოხვედით სავარაუდოდ პირველი ოქტომბრის მერე, როგორც იძებნება თქვენზე ინფორმაცია და ჩადექით კარიერის მაძიებლების რიგში. ამიტომ, მეც ახლა ჩემს თავს ვუსვამ კითხვას, კაი, რამდენჯერ უნდა დასვა ეს შეკითხვა, არ გცემს ეს კაცი პასუხს, განცდა არ აქვს. როცა განცდა ადამიანს არ გაქვს ადამიანს არაფრის, შესაბამისად, პასუხსაც ვერ მოგთხოვ. ლონდა თოლორაიაზე რომ მეუბნები, მაგარი იურისტიაო, მაგარი კანონების მცდონეაო, ამ მაგარმა კანონების მცოდნემ ჯვარს აცვა ჩვენი არასრულწლოვნები აი, იმ პერიოდში, როდესაც კითხვას გისვამთ თქვენს მოადგილეებზე, არ გერიდება რა, პირველ მოადგილედ დანიშნე წარმოიდგინე ადამიანი, რომელიც ტყვიას მესროდა და ტყვიას გვესროდა. კაცი, რომელიც მზად იყო, წასულიყო და თვითონ ესროლა კრიალაშვილისთვის და ამირიძისთვის, ის მეორე მოადგილედ დანიშნე. მერე იმან, იქ გვერდით რომ გიზით, სუს-ში გადაიყვანა, თუ როგორ იყო ეს კომბინაციები, არ ვიცი. არ გტკივათ, ჩემო მეგობრებო და რას ომახიანობთ აქ და რას იბრძვით და რას იბუქებით. ვინ გაანადგურეთ, როდის დამთავრდა, დღემდე არის „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყნის დღის წესრიგში, რადგან შეინარჩუნეთ „ნაციონალური მოძრაობა“, თქვენთან არის „ნაციონალური მოძრაობა“. აგერ, შეიძლება, უმეტესობას მთავრობაში, მანდ რომ სხედხართ, ხმა ჰქონდეს მიცემული პირველ ოქტომბერს სააკაშვილისთვის და უმრავლესობაში არის ძალიან ბევრი ადამიანი ახლა აქ, ვისაც მიცემული აქვს სააკაშვილისთვის ხმა.

ამიტომ, მე კი არ მაყენებთ ამით შეურაცხყოფას, უბრალოდ, ორმაგი სტანდარტია და ეს ორმაგი სტანდარტი ძალიან მალე ორთქლდება და გაზაფხულის თოვლივით დაიკარგება ეს ყველაფერი აქ. ხალხი რეალურად ნერვიულობს, რეალურად სამართალი ვერ ნახა ადამიანმა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.