ლევან გოგიჩაიშვილი - მოსამართლეებთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას მოსახლეობის კონსენსუსი ამაგრებს
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ვეცდებით, კოლეგები დავარწმუნოთ, რომ სასამართლო ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, სასამართლოს მომავლისთვის კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლეები, – ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი წყალგამყოფია.
„გვჭირდება მოსამართლეები, რომლებიც მაღალი ზნეობის მატარებლები და თითით საჩვენებელი ადამიანები იქნებიან. ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია. ვინც არ უნდა უჭერდეს მხარს მიხეილ ჩინჩალაძეს, ვისაც არ უნდა ჰქონდეს სურვილი და ფიქრობდეს, რომ იქნებ გამოკეთდნენ, აბსოლუტურად მიუღებელი მსჯელობაა, კონფლიქტია ამომრჩევლის დაკვეთასთან, რომლის მემკვიდრეობაც დღევანდელი პარლამენტია. ეს საკითხი წყალგამყოფია“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება სასამართლო, რომლის მიმართაც მომავალი 30 წლის განმავლობაში მოქალაქეებს ნდობა ექნებათ.
დეპუტატის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა პარლამენტისთვის წარდგენილი სია აბსოლუტურად მიუღებელია.
„შესაბამისად, ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ. კოლეგებს დავარწმუნებთ, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება საზოგადოებასთან ღია კონფლიქტია. ჩვენს დღევანდელ პოზიციას სრულიად საქართველოს მოსახლეობის კონსენსუსი ამაგრებს“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.