საპარლამენტო უმრავლესობა დღეს სხდომას გამართავს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება
საპარლამენტო უმრავლესობა დღეს სხდომას გამართავს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

შეხვედრაზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება, განხილვის მთავარი თემა მოსამართლეთა საკითხი იქნება. სხდომაზე დასწრების მიწვევა გაეგზავნა საპარლამენტო უმრავლესობის ყველა წევრს.

„დღის წესრიგით განსაზღვრულია სამომავლო გეგმები ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმა არის უვადოდ მოსამართლეების გამწესება. ჩვენ უნდა შევჯერდეთ ზოგად პრინციპებზე. ბუნებრივია, იქ იურიდიულ დეტალებში ვერანაირად ვერ შევალთ. ალბათ რაღაც კონკრეტულ პრინციპულ საკითხებზე უნდა ვისაუბროთ”, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ.

სხდომაზე დასწრების აზრს ვერ ხედავს უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე. როგორც გეგიძემ „პირველ არხთან“ საუბრისას განაცხადა, მის შეხედულებებს გუნდში ისედაც კარგად იცნობენ, ვინაიდან, როგორც თავად ამბობს, აღნიშნულ საკითხზე აზრი საჯაროდ არაერთხელ დაუფიქსირებია.

„არ ვაპირებ, დავესწრო უმრავლესობის სხდომას. ეს სხდომა ალბათ უნდა გამართულიყო მანამ, ვიდრე პარლამენტში შემოვიდოდა ეს ე.წ. მოსამართლეთა სია. მაშინ დავესწრებოდი, ახლა ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ დავესწრო. მით უმეტეს, შევთავაზე უმრავლესობას, პარლამენტის თავმჯდომარეს ჩემი ხედვა პროცესზე, ასე ვთქვათ გაწერილი, სადაც ყველაფერი მკაფიოდ ჩანდა, სამი ძირითადი მიმართულება. ამასთან, მქონდა ჩემი მიმართვები გაკეთებული. ყველაფერი ნათქვამი მაქვს. გარდა ამისა, მგონია, რომ არგუმენტები უმრავლესობის მხრიდან დაახლოებით იგივე იქნება, ეს ჩემი აზრია. პროცესი ვერ გახდა ის, რაც უნდა გამხდარიყო“,- განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

დღევანდელი სხდომის ფარგლებში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ბიუჯეტის შესრულებაზე, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ მოხსენებაზე, აგრეთვე კომიტეტების მუშაობის ანგარიშებზეც იმსჯელებენ.

სხდომა 11:00 საათზე გაიმართება.