ლევან გოგიჩაიშვილი - ივანე მაჭავარიანი ცდილობს, პასუხისმგებლობას გაექცეს
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის არმოსვლა, არის უსუსური მცდელობა, გაექცეს პასუხისმგებლობას, ეს არის პარლამენტის წევრების შეურაცხყოფა, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
კომიტეტის სხდომაზე დღეს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წარმომადგენლებმა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დაიბარეს, თუმცა მინისტრი კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა.
ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, მოპარულია დიდი ოდენობით თანხები ბიუჯეტიდან და სავარაუდოდ ამაში ფინანსთა სამინისტრო, ფინანსური პოლიცია და ივანიშვილის გარემოცვაა ჩართული.
„გავიგეთ, რომ შოთაძე საქმეს არ აღძრავს, მაგრამ ახლა ვამბობთ საჯაროდ და ეს წესით სისხლის სამართლის აღძვრის საფუძველი უნდა გახდეს. ბუნებრივია, ამას პროკურატურა ხელს აფარებს. ამ ფაქტს ოდესღაც ხომ გამოვიძიებთ? რა მნიშვნელობა აქვს ამ ადამიანებისთვის, როდის დადგება მათი პასუხისმგებლობა. ფიქრობენ, რომ სულ შოთაძე დაიცავს? შოთაძე თვითონ იქნება პასუხისგებაში მისაცემი. ქვეყანაში ტოტალური კორუფციაა. პრობლემები სიღრმისეულადაა. სისტემური პრობლემებია. მე გამირბიან კითხვების დასასმელად. ამ კითხვებს რამდენი ხანი გაექცევიან და ვინ გადაფარავს მერე. ეს არის უსუსური მცდელობა, გაექცე პასუხისმგებლობას. ეს არის პირადი შეურაცხყოფა პარლამენტის წევრების მიმართ“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.