ლევან გოგიჩაიშვილი - დღის წესრიგში დგას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლა
დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს როგორც საქართველოს პარლამენტს, ასევე ირაკლი კობახიძეს.
როგორც ჟურნალისტებს გოგიჩაიშვილმა განუცხადა, ვენეციის კომისიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ლეგიტიმურობა კითხვის ქვეშ დააყენა.
მისი თქმით, ვენეციის კომისია არაპოლიტიკური ორგანოა, რომელიც ამბობს, რომ სასამართლო სისტემას მოქალაქეთა მასიური უნდობლობიდან გამომდინარე საფრთხე ემუქრება.
„ვენეციის კომისია მიხვდა, რომ მოსახლეობის 50-70 პროცენტი სასამართლოს არ ენდობა და უპრეცედენტო კრიტიკა დააფიქსირეს. როგორც წესი, ასეთ კრიტიკას არ ველოდით, რადგან მისი ენა არ არის და ასეთ რაღაცეებს არ წერენ. კანონპროექტი რომ არ ვარგა, ეს ვიცით დ ახლა დღის წესრიგში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლა დგას. ამ ადამიანების სახლში გაშვება მშვიდობიანად უნდა მოხდეს. როგორ მოხდება, ეს პოლიტიკური საკითხია. მიზანია, ეს ადამიანები სასამართლო შტოს ჩამოვაშოროთ, რადგან სასამართლოს დისკრედიტაციას ეწევიან. იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საშუალება უნდა წავართვათ, რომელიც მათ უძლეველობის მითს დაანგრევს და მათი გადარჩევის შიდა პროცესი დაიწყება. „ქართული ოცნების“ გეგმაა, რომ სასამართლოს გაკონტროლება ნებისმიერ ფასად მოხდეს“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.