ლევან გოგიჩაიშვილი აზარტული თამაშების კანონპროექტის ჩავარდნას მონოპოლიური კომპანიის ინტერესების ლობირებას უკავშირებს
ლევან გოგიჩაიშვილი აზარტული თამაშების კანონპროექტის ჩავარდნას მონოპოლიური კომპანიის ინტერესების ლობირებას უკავშირებს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი მიზანმიმართულად ჩააგდო.

როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, კანონპროექტის ჩავარდნა მოხდა ლობირებისა და ერთი მონოპოლიური კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით.

„ამ კომპანიას მონოპოლია მოპოვებული აქვს ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმიდან, მას „აუთდორი“ ჰქვია. კანონპროექტი იმის გამო ჩავარდა, რომ მათ სერიოზულად ეკრძალებოდათ რეკლამების განთავსება. აზარტული სივრცე ქვეყანას აუბედურებს. უმრავლესობას გამბედაობა არ ეყო, ხალხის მხარეს წასულიყვნენ და მონოპოლისტური კომპანიის მხარე დაიჭირეს, რომელსაც თბილისის მერიამ გარე რეკლამასთან დაკავშირებით ხელახლა გაუგრძელა თანამშრომლობა. ეს არის, კორუფციული შეთანხმება ხელისუფლებასა და ამ კომპანიას შორის. მაინტერესებს, ამ საკითხზე შეხვედრები პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მერს ამ მონოპოლისტურ კომპანიებთან ჰქონდათ თუ არა?! ჩვენ ამ საკითხს არ დავტოვებთ და ბოლომდე მივიყვანთ. ძალიან სამარცხვინო დ შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილებაა. რადგან ჩემი ინიციატივა იყო, ესეც იყო მთავარი მიზეზი, რომ ვიღაცის თვალში არ ჩამწეროდა ქულები, ამიტომ ჩააგდეს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა, დღეს ჩააგდო.