ლევან გოფოძე - უნდა გვახსოვდეს, რომ კორონავირუსთან ერთად ვცხოვრობთ და მაქსიმალურად დავიცვათ ყველა პირობა, რომელიც ხელს უშლის მას გავრცელებაში
კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში, შეგვიძლია გავიმეოროთ ის წარმატება, რომელიც საქართველომ დააფიქსირა ვირუსთან ბრძოლაში, თუ კვლავ ყურადღებით და მაქსიმალური მობილიზებით ვიქნებით, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
გოფოძემ კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელთა მიერ კორონავირუსის მოსალოდნელი, უფრო მძლავრი ტალღის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ძალიან შეგვაშინა, თუმცა მათი ფუნქციაც ის არის, რომ მეტად დაძაბოს ჩვენი ყურადღება. შესაძლებელია განმეორებითი უფრო ძლიერი ტალღის აღმოცენება. ვფიქრობ, საქართველომ კარგად გაართვა თავი. თუ მსოფლიოში იქნება ასეთი მატება, ალბათ იმავე ღონისძიებებით, ისეთივე დამოკიდებულებით, ჩვენი მოსახლეობის საოცარი მაღალი შეგნებით, შევძლებთ იმას, რომ ეს კატასტროფა თავიდან ავიცილოთ.
ჯანმოს რეკომენდაცია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ამის შემდეგ ვცხოვრობთ ამ ვირუსთან ერთად და მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ყველა პირობა, რომელიც ხელს უშლის მას გავრცელებაში, თუნდაც დისტანცირება, ნიღბის ტარება და ა.შ. ეს ძალინ მნიშვნელოვანია. ის წარმატება, რომელიც საქართველომ დააფიქსირა ვირუსთან ბრძოლაში შეგვიძლია გავიმეოროთ, თუკი ისევ ყურადღებით და მაქსიმალური მობილიზებით ვიქნებით ვირუსთან“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორმა ექიმმა, ჰანს კლუგემ გამოცემა „ტელეგრაფისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ „მომავალ ზამთარს კორონავირუსის მეორე, უფრო მომაკვდინებელი ტალღაა მოსალოდნელი“.