ლევან გოფოძე - რესპუბლიკური საავადმყოფო უახლოეს ორ დღეში შესაძლოა, რვა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვოს
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 63 პაციენტია მოთავსებული, მათგან 45 კორონავირუსით ინფიცირებულია.
საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკაში რჩება ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სხვა პაციენტების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.
გოფოძის ინფორმაციით, სტაციონარი დღეს ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, უახლოეს ორ დღეში კლინიკა შესაძლოა, რვა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვოს.
„ახლა ჩვენთან არის 63 პაციენტი, აქედან 45 არის კოვიდინფიცირებული. დღეს ერთი პაციენტი წავიდა სახლში, გაჯანმრთელებული გაეწერა. რაც შეეხება დანარჩენებს, აქედან ერთი არის კრიტიკულ მდგომარეობაში, როგორც იცით, არის მართვის სუნთქვაზე. ორმხრივი პნევმონია აქვს, დისტრეს სინდრომით. რაც შეეხება დანარჩენებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ძირითადად ყველა მსუბუქი ფორმაა. 5-6 პაციენტია დადასტურებული პნევმონიით, მაგრამ მსუბუქი პნევმონიით, მძიმე და დისტრესი არ არის.
რვა პაციენტს ამ ორ დღეში ველოდებით, რომ შეიძლება გავუშვათ. პირველი ტესტი ნაწილთან ნეგატიურია, დღეს კიდევ ნაწილი გაიტესტა და ორშაბათ-სამშაბათს შეიძლება, რვა პაციენტი გავუშვათ გამოჯანმრთელებული. დღეს ახალი დადასტურებული შემთხვევა არ დაგვმატებია“, – აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი.
საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 695 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 425 გამოჯანმრთელდა.