ლევან გოფოძე - რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი შვიდი სამხედროდან ცხელება არც ერთს არ აღენიშნება 
ლევან გოფოძე - რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი შვიდი სამხედროდან ცხელება არც ერთს არ აღენიშნება 

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში შვიდი სამხედრო იმყოფება. როგორც ლევან გოფოძემ აღნიშნა, ამჟამად არც ერთს არ აღენიშნება ცხელება.

„ამ დროისათვის შვიდი სამხედრო მოსამსახურეა გადმოყვანილი, ძირითადად ჯარისკაცები. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მართალია ჩვენთან შემოვიდნენ ცხელებით, მაგრამ ცხელება ამჟამად არც ერთს არ აღენიშნება და შესაძლებელია, მათი გატესტვაც მოხდეს სათანადო რეჟიმში. ამის შემდეგ გადაწყდება, სად წავლენ კარანტინში თუ სხვა დაწესებულებებში. მარნეულის ზონიდანაც გვყავს ჯარისკაცები, ერთი გვყავს დმანისიდან“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, რაც შეეხება გორიდან გადაყვანილ პაციენტს, მისი მდგომარეობა არ არის მძიმე.

„რაც შეეხება გორში გადაყვანილი პაციენტის ისტორიას, ის ჩამოვიდა აშშ-დან. იქ მას ჰქონდა კონტაქტები, რამდენად იყო ეს კონტაქტები ინფიცირებულებთან, ჩვენ არ ვიცით. მას თავად გაუჩნდა ეჭვი, ხომ არ იყო ავად. ეტყობა სხვა ინფორმაციასაც ფლობდა და ჩვენ არ გვითხრა. ამიტომაც, როგორც კი შემოვიდა ჩვენთან გაიტესტა პაციენტი და აღმოჩნდა, რომ არის ინფიცირებული. თუმცა მისი მდგომარეობა არ არის მძიმე, მიუხედავად იმისა, რომ არის ორმხრივი პნევმონია. კონტროლირებადია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მე ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

ამასთან, ლევან გოფოძემ აღნიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო არ იღებს თვითდინებით პაციენტებს.

„პაციენტები მოჰყავს სასწრაფო მანქანას. თქვენ იცით, რომ გამოქვეყნდა პროტოკოლი, რომელიც მკვეთრად განსაზღვრავს და გამიჯნავს ერთმანეთისგან იმ პაციენტებს, ვინც არიან საეჭვო კორონაზე და ვინც არ არიან. რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც ერთ-ერთი ცენტრალური მიმღებია, საეჭვო პაციენტების იღებს მკაცრად პროტოკოლის მიხედვით, რათა არ მოხდეს ნაკადებით უმართავი სიტუაციის შექმნა“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.