ლევან გოფოძე - რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად შვიდი კოვიდინფიცირებული მურნალობს
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად შვიდი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, – ამის შესახებ რესპუბლიკური კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
როგორც კლინიკის დირექტორმა აღნიშნა, ექვსი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ასევე, ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა მეშვიდე პაციენტი, რომლის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.
„ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში შვიდი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათგან ექვსის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რაც შეეხება ერთ პაციენტს, რომელიც მართვით სუნთქვაზე იყო, ამჟამად მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან. მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, თუმცა ჯერჯერობით ინტენსიურ თერაპიას და დაკვირვებას საჭიროებს. დღეს გაკეთდა სამი ტესტი, ველოდებით პასუხებს და ვნახოთ, რამდენ გამოჯანმრთელებულ პაციენტს დავადასტურებთ. რაც შეეხება ცხელების ცენტრში მყოფ პაციენტებს, ამჟამად 12 პაციენტია. ათის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უტარდებათ „პისიარ“ კვლევები, ერთს პნევმონია აღენიშნება და მიმდინარეობს მკურნალობა“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, რათა არ მოხდეს ინფექციის მეორე ტალღა, საჭიროა, რეკომენდაციების დაცვა.
„საფრთხეების წინაშე, რა თქმა უნდა, ვდგავართ. მატება აღინიშნება თითქმის ყველა ქვეყანაში. ვიცით, რომ ევროკავშირმა გახსნა საზღვრები და შესაძლებელია მიმოსვლა. მათ შორის, საქართველოც აღმოჩნდა იმ ქვეყნების რიცხვში, რომელიც კეთილსაიმედოდ ჩაითვალა. რა თქმა უნდა, ეს უფრო მეტი პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს, რაც გულისხმობს, რომ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ყველა წესი. ერთი რამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ინფექცია ჩვენს გვერდით არის, ქვეყანაში ინფიცირებულები ჯერ კიდევ გვყავს და იმის შანსი, რომ მოხდეს ამ ინფექციის იმპორტი ტურიზმის ფართო გაშლის შემთხვევაში, არსებობს. ამიტომ დისტანცირება, თვითიზოლაციის მაქსიმალურად დაცვა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება კვლავ რჩება რეკომენდაციად, რათა არ მოხდეს ავადსახსენებელი მეორე ტალღა“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.