ლევან გოფოძე - რესპუბლიკურ საავადმყოფოში 46 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
რესპუბლიკურ საავადმყოფოში 46 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. ორი მათგანი კლინიკაში დღეს დილით ბოლნისიდან უკვე დადასტურებული დიაგნოზით გადაიყვანეს.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან გოფოძემ განაცხადა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ ე.წ. ბოლნისის კლასტერიდან შვიდი ინფიცირებულია მოთავსებული.
საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„38-დან ავედით 46-ზე, ეს არის ბოლნისი სულ ყველა. გადმოიყვანეს შვიდი პაციენტი. ბოლნისიდან გადმოყვანილების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. არც ერთს არ სჭირდება მართვითი სუნთქვა. შვიდივეს ჩაუტარდება კვლევები, კომპიუტერულ ტომოგრაფიას გავუკეთებთ, ზუსტად გვეცოდინება ყველაფერი ხვალ, მაგრამ მდგომარეობა, ჩივილები არ არის მძიმე“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
კვლავ კრიტიკულად მძიმედ რჩება ერთი ინფიცირებულის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტი ხანდაზმულია, მას მწვავე პნევმონია და თანმხლები დაავადებები აქვს. პნევმონიის არსებობის გამო ასევე საყურადღებოა ხუთი პაციენტი, თუმცა მათ მართვითი სუნთქვა არ ესაჭიროებათ.
დღესვე ექიმები სამი ინფიცირებული პაციენტის პრეტესტირების პასუხებს ელოდებიან. კლინიკას ასევე ჰყავს 10 საეჭვო პაციენტი, რომელთაც უკვე აუღეს პისიარ ტესტი, პასუხები კი ცნობილი მოგვიანებით გახდება.
„ერთი არის კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე, მაგრამ შედარებით სტაბილიზაცია გამოიხატა და ვნახოთ, როგორ განვითარდება. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის. ხუთი გვყავს პნევმონია დადასტურებული პაციენტი, მიმდინარეობს მკურნალობა პროტოკოლების მიხედვით, მათი მდგომარეობა არ არის მძიმე. გამოჯანმრთელებულებს ველოდებით დღეს სამ კაცზე პასუხს და ვნახოთ როგორი იქნება. კიდევ გავტესტავთ ხუთ ადამიანს“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.