ლევან გოფოძე - რესპუბლიკურ საავადმყოფოში 128 პაციენტი მკურნალობს, ეს არის კლინიკის დატვირთვის მთელი სიმძლავრე, ადგილი ამჟამად არ არის
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ ამჟამად საავადმყოფოში ადგილები არ არის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალია.
„ამ წუთას რესპუბლიკურ საავადმყოფოში წევს 128 პაციენტი. ეს არის კლინიკის დატვირთვის მთელი სიმძლავრე. ადგილი ამჟამად არ არის. ჩვენთან კლინიკაში ყოველდღიურად კი ხდება პაციენტების ბრუნვა, ანუ გვეწერებიან გამოჯანმრთელებული პაციენტები და მათ მაგივრად ვიღებთ ახალ პაციენტებს. ეს ყოველდღიური დინამიკაა, უბრალოდ, ცარიელი ადგილი, როცა გინდა მოიყვან და პაციენტს დააწვენ, ასეთი სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ არის. ეს არის ზუსტად შედეგი იმისა, რომ შემთხვევათა რაოდენობა საგრძნობლად მატულობს უკანასკნელი დღეების განმავლობაში. თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, რომ თანდათანობით კიდევ მოიმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო რთულ სიტუაციას შექმნის“,- განაცხადა გოფოძემ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მოსახლეობას აფრთხილებს, მაქსიმალურად მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, დაიცვან ყველა წესი, ყველგან ატარონ პირბადე, რადგან, გოფოძის თქმით, ინფიცირების შანსები ქვეყანაში ძალიან იზრდება.
„ასეთი კატასტროფული მატება თუ წავიდა, ამას ვერ გაუძლებს ვერცერთი ქვეყნის ჯანდაცვის სექტორი, მათ შორის ვერ გაუძლეს ძალიან მოწინავე ქვეყნებმაც. ამიტომაც არის ჩვენი გაფრთხილება, ეპიდემიოლოგების გაფრთხილება, მაქსიმალურად, მოსახლეობამ უნდა გაიგოს ეს სიტუაცია, უნდა მოვერიდოთ ყველანაირ მასობრივ თავშეყრის ადგილებს, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ყველა წესი, ყველგან ვატაროთ ნიღაბი უკვე გახსნილ სივრცეშიც კი, რადგან ინფიცირების შანსები ქვეყანაში ძალიან იზრდება“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ლევან გოფოძემ.