ლევან გოფოძე - ექიმების ინფიცირება მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევა გოფოძის განცხადებით, ექიმების დაინფიცირება მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის.
ამის მაგალითად მან მოიყვანა იტალია, სადაც გოფოძის განმარტებით, მედიცინის 160 მუშაკი დაიღუპა.
გოფოძე ამბობს, რომ მედპერსონალის პირად აღჭურვილობასთან დაკავშირებით საქართველოში სპეციალური წესი მოქმედებს, რისი დაცვაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ძალიან რთულია ამის განსაზღვრა. ჩვენ გაწერილი გვაქვს წესი და რიგი, როგორ უნდა გვეცვას, როგორ უნდა ვმოძრაობდეთ, როგორ უნდა მივიდეთ ადამიანთან – გააჩნია, რას ვაკეთებთ.
როდესაც ინვაზიური მეთოდის ჩატარების მიზნით ვართ პაციენტთან, მაშინ სულ სხვაგვარი აღჭურვილობა გვჭირდება. როდესაც გასასინჯად, სანახავად და ასე შემდეგ, მაშინ სხვა. ასე რომ, ამ წესების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შეხება ექიმების ინფიცირების პრობლემას, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. მაგალითად სულ მომყავს ძალიან განვითარებული მედიცინის მქონე ქვეყანა – იტალია, სადაც კატასტროფა მოხდა, მედიცინის 160 მუშაკი დაიღუპა, მათგან 120 ექიმი იყო“, – განაცხადა გოფოძემ.
მისივე თქმით, საბედნიეროდ, რესპუბლიკურ საავადმყოფოს ინფიცირებული მედპერსონალი არ ჰყავს.
„ძალიან რთულია გავიგოთ, საიდან ვრცელდება, შესაძლოა, არა მხოლოდ კლინიკაში, არამედ გარედანაც მოხდეს ინფიცირება. სავარაუდოდ, შესაძლებელია პაციენტებიც იყვნენ. საბედნიეროდ, ჯერჯერობით რესპუბლიკურ საავადმყოფოს ინფიცირებული მედპერსონალი არ ჰყავს, ტესტირება მთელ მედპერსონალს ჩაუტარდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გვეყოლება, თუმცა ვცდილობთ, არ იყოს. ასევე ცდილობს ყველა კლინიკა, ამაში ეჭვი არ მეპარება“, – განაცხადა გოფოძემ.