ლევან გოფოძე აცხადებს, რომ საერთაშორისო ტურიზმის აღდგენით კორონავირუსთან დაკავშირებული რისკები იქმნება, თუმცა მინიმალური
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევანი გოფოძის განცხადებით, საერთაშორისო ტურისტებისთვის საქართველოს გახსნის შემდეგ კორონავირუსთან დაკავშირებით რისკები არსებობს, თუმცა მინიმალური, ვინაიდან საზღვრები იხსნება იმ ქვეყნებისთვის, სადაც საქართველოს მსგავსად ეპიდემიოლოგოური ვითარება კონტროლირებადია.
„მე მგონია, რომ ახლა სტაბილური სიტუაციაა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამიტომაც მიიღო გადაწყვეტილება ხელისუფლებამ, რომ პირველი ივლისიდან აღადგინოს ტურისტული სეზონი. ეს იქნებიან კონკრეტული ქვეყნები, რომლებიც მწვანე ზონად ცხადდება. არის მაღალი რისკის ქვეყნები, საიდანაც ჯერ ტურისტები ჩვენს ქვეყანაში ვერ შემოვლენ. რისკი იმისა, რომ რაღაც მოხდეს, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ თვითონ საქართველოში ინფექცია კონტროლირებადია სრულად და ამასთანავე ქვეყნებშიც, რომლებიც პერსპექტივაში იქნებიან ჩვენი პარტნიორები დასვენების თვალსაზრისით, კონტროლირებადი სიტუაციაა, რისკები მინიმუმამდეა დასული. დისტანცირება, ნიღბის ტარება, სიფრთხილე – ეს ყველაფერი ძალაში დარჩება. ვფიქრობ, რომ ასეთ პირობებს თუ დავიცავთ, განსაკუთრებული არაფერი არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.