ლევან გიგინეიშვილი - ვიღაცები ამბობენ, რა დროს გირგვლიანიაო, მაგრამ რას ჰქვია, რა დროს გირგვლიანია, გირგვლიანი ყოველ დროს არის
ვიღაცები ამბობენ, რა დროს გირგვლიანიაო, მაგრამ რას ჰქვია, რა დროს გირგვლიანია?! გირგვლიანი ყოველ დროს არის, – ამის შესახებ ფილოლოგმა, ლევან გიგინეიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.
„მე რომ ცოდვა ჩავიდინე, ის მუდამ წინ უნდა იყოს, რადგან როცა რაღაც ყოველთვის მახსოვს, ცემი პრინციპია, რომ ის აღარ გავიმეორო. ამ მარადის კანტი ნუმენს უწოდებს. ზნეობრივი იმპერატივი დროსა და სივრცეში არ არის, ნუმენია და თუ ის მაწუხებს, ჩემი თავისუფლების პრინციპიც არის, რომ ამ სტიქიებს აღარ გავყვე და ამ რაღაცებს აღარ წამოვეგო. ადამიანი სუსტია და შეიძლება, სტიქიებს გაჰყვეს, რაც ცოდვაში აგდებს. თუ ნუმენური კატეგორია, კატეგორიული იმპერატივი დარღვეული მაქვს და ეს მაწუხებს, კარგია, რადგან ქენჯნა ასე ვთქვათ, ღვთის საჩუქარია“, – განაცხადა გიგინეიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა მოხდეს წარსულის ზნეობრივი გადაფასება და იმისთვის, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებამდე მივიდეს, უნდა გახდეს თუ არა ამის წყარო კულტურული და პოლიტიკური ელიტა, რომელსაც საჯარო სივრცესა და გარემოზე აქვს წვდომა, ლევან გიგინეიშვილმა განაცხადა, რომ „ზნეობრივი ნიურნბერგი“ ყველამ თავის თავს უნდა მოუწყოს.
„გერმანელები არ იყვნენ დამნაშავე იმაში, ჰიტლერი რომ ჰყავდათ?! ძალიანაც დამნაშავეები იყვნენ. ამიტომ ისინი თავის თავს ამ „ნიურნბერგს“ ყოველწლიურად უწყობენ, ახალ ფილმებს იღებენ და ა.შ, რომ ეს მეორედ აღარ განუმეორდეთ. ისინი სულელები კი არ არიან, ამას რომ აკეთებენ?! თუ შეფასება არ მოხდა, ის აუცილებლად განმეორდება“, – განაცხადა გიგინეიშვილმა.
როგორც გიგინეიშვილმა აღნიშნა, ზნეობრივი გადაფასება მუდმივად უნდა მიდიოდეს, ეს პროცესია და ამისთვის ყოველდღიურად შრომაა საჭირო.
მისივე თქმით, ანთროპოლოგიური კატასტროფა ის იქნება, რომ შენში ადამიანი შემცირდეს და რაც არაადამიანია – ფული, პოლიტიკური, თუ სხვა სახის წარმატება და ა.შ, სიმართლის, ჭეშმარიტების, სულიწმინდის, ადამიანის ხარჯზე არსებობდეს.
„ეს არ უნდა მოხდეს და ამაზე მუდმივად უნდა ვიყვიროთ“, – განაცხადა გიგინეიშვილმა.
ფილოლოგმა ასევე განაცხადა, რომ ფასეულობები შენივე თავშია საბრძოლველი, რომ კერპთაყვანისმცემელი არ გახდე და სიმართლეზე უარი არ თქვა.
„ჩვენ ვხდებით ხოლმე კერპთაყვანისმცემლები და ხანდახან, სახელმწიფო ჩვენთვის ჰიპერტროფირებული ეტატიზმი ხდება, ოღონდ წესრიგი იყოს, ადამიანი არა და ა.შ. ეს საცდური სულ არის. ამიტომ „ზნეობრივი ნიურნბერგი“ ყველასთვის საჭიროა, რომ ის, რაც მოხდა, აღარ განმეორდეს და შეიქმნას მოქალაქეების კრიტიკული მასა, რომლებიც ამას აღარ გააკეთებენ“, – განაცხადა გიგინეიშვილმა.
მისი თქმით, ადამიანისთვის ლაკმუსია კითხვა, გინდა თუ არა, ქუჩებში წესრიგი იმის ხარჯზე, რომ შესაძლოა, ვიღაცებს სადმე აწამებდნენ.
„გინდა თუ არა, ქუჩებში წესრიგი შენი შვილის სიცოცხლის ხარჯზე იყოს?! რა თქმა უნდა, ეს არავის უნდა. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ კარგი იქნება, ძლიერი ხელი მოვიდეს და უკანონობებიც იყოს, მაგრამ სამაგიეროდ, რაღაც მშვიდობა დამყარდეს. ბევრი ამაზე თანხმდება. ეს ლაკმუსია. ადამიანმა უნდა იცოდეს, არის თუ არა მზად, მარადიული ფასეულობები მისი ეგზისტენციალური ფასეულობები იყოს, თუ ისინი რაღაც სხვა ფასეულობებზე გაცვალოს“, – განაცხადა ლევან გიგინეიშვილმა.