ლევან ძოწენიძე - კორონავირუსით ინფიცირებული ორსულისთვის შესაძლებელი და რეკომენდებულია ფიზიოლოგიური მშობიარობა
ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ორსულისთვის შესაძლებელი და რეკომენდებულია ფიზიოლოგიური მშობიარობა, – ამის შესახებ გინეკოლოგმა ლევან ძოწენიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ განაცხადა. ძოწენიძე გადაცემაში გერმანიიდან, ჰერფორდის კლინიკიდან ჩაერთო.
„ახალი კორონავირუსი („კოვიდ-19“) არ წარმოადგენს საკეისრო კვეთის ჩვენებას“, – განაცხადა ლევან ძოწენიძემ.
მისი თქმით, ორსულებში „კოვიდ-19“-ის გამო ჯერჯერობით არ გამოვლენილა განვითარების ანომალიები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ვერტიკალური გადაცემა, ანუ დედიდან ნაყოფზე გადაცემა.
„დედიდან ნაყოფზე ვირუსის გადადება ჯერჯერობით არ არის დადასტურებული“, – განაცხადა ძოწენიძემ.
გინეკოლოგმა ასევე აღნიშნა, რომ მშობიარობის შემდეგ რეკომენდებულია ახალშობილისა და დედის კანის კანთან კონტაქტი, რაც ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ერთწუთიანი ძუძუთი კვების დაწყება მშობიარობიდან ერთი საათის განმავლობაში და მისი გაგრძელება მინიმუმ ექვსი თვე“, – განაცხადა ლევან ძოწენიძემ.
მისივე თქმით, დღეისთვის არსებული მონაცემებით, ორსულები არ წარმოადგენენ მოწყვლად ჯგუფს.
გადაცემაში ჩართვისას გინეკოლოგმა ორსულებს მიმართა:
„მივმართავ ორსულებს – თუ არსებულ რეკომენდაციებს დაიცავთ, მინიმალურია იმის შანსი, რომ „კოვიდ 19“ განგივითარდეთ და მით უმეტეს, ის რთულ ფორმებში წარიმართოს. ამიტომ, ეს მინიმალური რისკი არ ღირს იმად, რომ ხანგრძლივი ქრონიკული სტრესით ზიანი მიაყენოთ თქვენს თავს და ნაყოფს. ამიტომ, ყველანი დავმშვიდდეთ. ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“, – განაცხადა ლევან ძოწენიძემ.