ლევან დოთიაშვილი აცხადებს, რომ ცეცხლი რუსმა სამხედრომ იმ დროს გახსნა, როდესაც ის და თამაზ გინტური ტერიტორიის დატოვებას ცდილობდნენ
ოთხდღიანი უკანონოდ პატიმრობიდან გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილი აცხადებს, რომ ცეცხლი რუსმა სამხედრომ იმ დროს გახსნა, როდესაც ის და თამაზ გინტური ტერიტორიის დატოვებას ცდილობდნენ.
როგორც ლევან დოთიაშვილმა აღნიშნა, ის და თამაზ გინტური ტაძრიდან გამოდიოდნენ, რა დროსაც რუსი სამხედრო მივიდა და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.
„ეკლესიის კარიდან რომ გამოვედი, ერთი რუსის ჯარისკაცი მოვიდა და გაისროლა გამაფრთხილებელი. მე ვუთხარი, არ ესროლა. დაწყნარდა, გვითხრა, კამერა მაქვს ჩართულიო. არანაირი კონფლიქტი არ იყო. მანქანაში ჩავსხედით. თამაზიც ელაპარაკა და ჩაჯდა მანქანაში. მანქანაში ვისხედით ორივენი და ვუთხარით, რომ მივდიოდით და არ ესროლა. დავძარით მანქანა, სადღაც სამი მეტრი გავიარეთ და როგორც კი დავიძარით, ცეცხლი გახსნა. თავიდან საბურავებს მოხვდა, მერე მანქანას. სადღაც ოცი მეტრი გავიარეთ და თამაზმა თქვა, რომ დაჭრეს. მე გადმოვიყვანე მანქანიდან, ორი ჭრილობა ჰქონდა. თამაზის ტელეფონით დავრეკე სასწრაფოში. შემდეგ დარეკა პოლიციამ. ამის შემდეგ მოდის უკვე შვიდი კაცი. მოვიდნენ რუსი სამხედროები, დამარტყეს, მიწაზე დამაწვინეს, თამაზი გადმოიყვანეს და დაუწყეს ე.წ. ლეიკოების დაწებება. სასწრაფო რომ მოვიდა, მე უკვე ტყისკენ წამიყვანეს და არ ვიცი, როგორ გადაიყვანა სასწრაფომ. არ ვიცი, რა მოხდა, რატომ გახსნა ცეცხლი. შეიძლება, დაგვიძახა, არ წახვიდეთო და ჩვენ არ გაგვიგია. რომ წამიყვანეს, გზაშიც იყო ფიზიკური ზეწოლა. თამაზი ჩემს ხელში, სავარაუდოდ, დაღუპული იყო. წელის არეში ჰქონდა მოხვედრილი. არ ვიცი, რატომ ისროლა, წინასწარ განზრახული ჰქონდათ თუ არა. ჩემი ვარაუდია, რომ არ აპირებდა ჩვენს დაკავებას და მერე, როცა რაციით უთხრეს, გახსნა ცეცხლი. რუსულ სამხედრო ბაზაზე გადამიყვანეს, სადაც დამკითხეს და შემდეგ ცხინვალში გადამიყვანეს. ყოველდღე იყო დაკითხვა ცხინვალში. დაკითხვის დროს არ მითქვამს, რომ დაკავებისას დამარტყეს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემს გათავისუფლებაში“, – განაცხადა ლევან დოთიაშვილმა.
სოფელ კირბალის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილი გუშინ გაათავისუფლეს.