ლევან დავითაშვილი - ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს კონტროლი მომარაგების ნაწილში, რათა ქვეყანაში არ იყოს მომარაგების შეფერხება
ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს კონტროლი მომარაგების ნაწილში, რათა ქვეყანაში არ იყოს მომარაგების შეფერხება, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, სურსათის მიწოდების ჯაჭვი აგრძელებს მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე დამატებითი მოთხოვნებია საკარანტინო ზონაში უშუალოდ სურსათის ოპერატორებთან დაკავშირებით, სადაც უსაფრთხოების ზომები არის კიდევ უფრო გამკაცრებულია.
„იცით, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს კონტროლი მომარაგების ნაწილში, იმისათვის, რომ ქვეყანაში არ იყოს ერთის მხრივ მომარაგების შეფერხება. კითხვები ისმოდა კონკრეტულად საკარანტინო ზონაში მომარაგებასთან დაკავშირებით, ასევე სასოფლო-სამეურნეო, თუ სურსათის მიწოდების ჯაჭვის ყველა ოპერატორის მუშაობის თემასთან დაკავშირებით. იცით, რომ განსაკუთრებულ რეჟიმში სურსათის მიწოდების ჯაჭვი აგრძელებს მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. დამატებითი მოთხოვნები, დამატებითი გაიდლაინები და რეკომენდაციები არსებობს საკარანტინო ზონაში უშუალოდ სურსათის ოპერატორებთან დაკავშირებით, სადაც, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები არის კიდევ უფრო გამკაცრებული, რათა დაავადების გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ. ეს კითხვები ალბათ მოსახლეობას აწუხებს, რომ თვითონ საკარანტინო ზონაში არ შეიქმნას დეფიციტი, ერთის მხრივ სურსათთან, მეორეს მხრივ პირველადი საჭიროების ყველა სხვა პროდუქტთან. ეს ეხება როგორც მედიკამენტებს, ასევე საწვავს, საფინანსო სერვისებს, ასევე სხვა იმ მნიშვნელოვან, აუცილებელ პროდუქციას, რომელიც მოსახლეობის ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. ამ კუთხით იცით, რომ ჩვენ გვაქვს სრული კოორდინაცია, მათ შორის შსს-სთან, იმ უწყებებთან, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზეა პასუხისმგებელი, რათა ორგანიზებულად მოხდეს ამა თუ იმ პროდუქტის რეგიონში შეტანა და ასევე მოძრაობა მძღოლების. ასევე მათ სპეციალური ეკიპირება ექნებათ, მანქანების სპეციალური დამუშავება ხდება სადეზინფექციო ხსნარებით. ეს პროცედურები შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, რათა დაავადების გავრცელების რისკი ავიცილოთ თავიდან“, – განაცხადა მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, მუშაობა ჩვენ 24-საათიან რეჟიმში გრძელდება, მათ შორის სამინისტროში არსებობს სპეციალურ მინი-შტაბი, კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში სხვადასხვა მიმართულების კოორდინაციისთვის.
„ვართ კავშირზე ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან იმისთვის, რომ ის მიმართულება, რომელზეც პასუხისმგებლობა გვაკისრია, შესრულდეს შეფერხების გარეშე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.