ლევან დავითაშვილმა შატო მუხრანის აღდგენილი ისტორიული სასახლის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა
ლევან დავითაშვილმა შატო მუხრანის აღდგენილი ისტორიული სასახლის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა

სოფელ მუხრანში, ისტორიული შატო მუხრანის სასახლე ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა. მან მადლობა გადაუხადა შატოს ინვესტორებს გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ასეთი ინვესტიციები ხელს შეუწყობს ღვინის ტურიზმის დინამიურად განვითარებას ქვეყანაში.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, შატო მუხრანი დღეს ცნობილია, როგორც მაღალი ხარისხის მეღვინეობის ცენტრი, რომლის სახელსაც უკავშირდება ქართლის რეგიონის მეღვინეობის ტრადიციების აღდგენა.

„შატო მუხრანი წლებია ქართულ მეღვინეობაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს და მაღალი ხარისხის ღვინოების წარმოებით გამოირჩევა, თუმცა დღეს მოხდა ისტორიული სასახლის რეაბილიტაციის პროცესის დასრულება და ოფიციალურად გახსნა. ეს არის ალბათ ღვინის ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ადგილი საქართველოში, გამორჩეული ისტორიული მემკვიდრეობით,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილის თქმით,  დღეს მეღვინეობა და ღვინის ტურიზმი განუყოფელია. ღვინის ტურიზმი საქართველოში ძალიან წარმატებით ვითარდება და ამ კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს ტურისტული მიზიდულობის ისეთი ცენტრების შექმნას, როგორიცაა შატო მუხრანი.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება პოპულარული ადგილი როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის. დღეს ჩვენ რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციის მომსწრენი ვართ. ვფიქრობთ, რომ ასეთი ინვესტიციები ხელს შეუწყობს ღვინის ტურიზმის დინამიურად განვითარებას ქვეყანაში. 2022 წელს ტურიზმის ინდუსტრია აღდგენის განსაკუთრებით მაღალი ტემპებით გამოირჩევა – ჩვენმა ქვეყანამ ტურიზმიდან 2,5 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია გასტრონომიისა და ღვინის ტურიზმის მიმართულების განვითარება, რომელსაც სჭირდება ისეთი მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა, როგორიცაა შატო მუხრანი“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

გახსნაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ შატო მუხრანის ინვესტორი ფრედერიკ პოლსენი და მსოფლიოში ისტორიული ინტერიერების აღდგენის ცნობილი სპეციალისტი ხუან პაბლო მოლინეო, რომელიც ხელმძღვანელობდა 120-წლიანი სასახლის აღდგენის პროცესს.

სასახლისა და მუხრანბატონის მამულების აღდგენის იდეა 2002 წელს დაიბადა. მას შემდეგ, ივანე მუხრანბატონის მიერ მე-19 საუკუნეში ფრანგული შატოს სტილით აგებული სასახლე და სამეურნეო ინფრასტრუქტურის აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობდა. 2016 წლიდან მუშაობა დაიწყო სასახლის აღდგენაზეც. ფრანგი და ქართველი არქიტექტორების მიერ დაგეგმილი სასახლე და მისი ინფრასტრუქტურა დღეს 16 ჰექტარს მოიცავს.

შატო მუხრანის კომპლექსში დღეს დასაქმებულია 300-მდე ადამიანი.

სასახლის ოფიციალურ გახსნას ასევე დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, დიპკორპუსისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.