ლევან დავითაშვილმა შანხაიში საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ქართული პავილიონი გახსნა
ჩინეთში, ქალაქ შანხაიში საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (China International Import Expo – CIIE) ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კიდევ ერთი ქართული პავილიონი გახსნა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პავილიონი ქართულ მხარეს სამი წლით საქართველოს საგარეო ვაჭრობის ასოციაციასა (GFTA) და უმსხვილეს ჩინურ კომპანიას (Greenland Holding Group) შორის თანამშრომლობის ფარგლებში გადაეცა.
პავილიონში წარმოდგენილია ქართული აგროსასურსათო პროდუქცია, რაც ჩინეთის უმსხვილეს ბაზარზე მათი ცნობადობის გაზრდასა და, შესაბამისად, ექსპორტის პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას შეუწყობს ხელს.
„შანხაიში, იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე ჩინეთის ხელისუფლებამ აბსოლუტურად ახალი ეკონომიკური ურთიერთობის დასაწყისი გამოაცხადა. ჩინეთის ხელისუფლება გეგმავს, მნიშვნელოვნად გაზარდოს ქვეყანაში იმპორტი, რაც ქმნის შესაძლებლობას, საქართველომ ისევე როგორც სხვა ქვეყნებმა, საკუთარი საექსპორტო შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაცია მოახდინოს. ამ რეალობის გათვალისწინებით, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს კომპანია Greenland Holding Group-ის მიერ ინიცირებული პლატფორმა, რომელიც ათეულობით ქვეყანას საშუალებას აძლევს, საკუთარი პროდუქცია გააცნოს დამთვალიერებელს. ჩვენ მიერ გახსნილი ქართული პავილიონი ჩვენი პროდუქციის ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა ქართული პავილიონის გახსნის ღონისძიებაზე.
„დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ გენერალური დირექტორის, ზაალ დუგლაძის განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბაზარია და უკვე არსებობს ქართული პროდუქციის იმპორტის ზრდისთვის ძალიან დიდი გეგმების საფუძველი.
შანხაიში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან და საქართველოს სამთავრობო დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად მონაწილეობდა.
ქართულ მხარეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პრეზიდენტმა სი ძინპინმა უმასპინძლა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შანხაიში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ხაზი გაესვა, რომ საქართველო არის რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები აქვს ჩინეთთან და რომ ჩინური კომპანიების ინტერესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით სტაბილურად მზარდია.
საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში, რომელიც შანხაიში 10 ნოემბერს დასრულდება, 50-ზე მეტი ქართული კომპანია, მათ შორის ღვინისა და სხვა აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებელი მონაწილეობს, რომლებიც დამთვალიერებელს საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსა და საექსპორტო პოტენციალს აცნობენ.