ლევან დავითაშვილმა მსხვილი ტექნოლოგიური და ინოვაციური კორპორაციის BYD წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო
ლევან დავითაშვილმა მსხვილი ტექნოლოგიური და ინოვაციური კორპორაციის BYD წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მსხვილი ტექნოლოგიური და ინოვაციური კორპორაციის BYD – ის ევროპის ოფისის აღმასრულებელ დირექტორს ისბრანდ ჰოს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები – ირაკლი ნადარეიშვილი და გურამ გურამიშვილი.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კორპორაცია BYD, რომელიც მსოფლიოში ელექტროავტომობილების, ავტობუსებისა და ელექტრობატარეების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია, რეგიონში გაფართოებას გეგმავს და ბიზნესის განვითარების ერთ-ერთ ლოკაციად საქართველოს განიხილავს.

ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა პოტენციურ ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და ლიბერალური ბიზნესგარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მან ასევე აქცენტი გააკეთა საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამებზე და აღნიშნა, რომ მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორებისთვის ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს მხარდაჭერისა და განვითარების სამთავრობო პროგრამები.

BYD-ის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებით, განსაკუთრებით, ევროკავშირთან მიმართებაში.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მუშაობა კორპორაცია BYD – თან შემდგომი თანამშრომლობის განვითარების მიზნით.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.