ლევან დავითაშვილმა მეზღვაურთა საერთაშორისო დღე საქართველოს საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს ბათუმში პირადად მიულოცა
ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზღვაო ტრანსპორტის განვითარება, საქართველო საზღვაო ქვეყანაა და ამ მიმართულებით საერთაშორისო საზოგადოებაში თავის ადგილს კიდევ უფრო იმკვიდრებს. მთავრობის იმ თანმიმდევრული, მიზანმიმართული პოლიტიკით, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდება, საქართველო საერთაშორისო საზღვაო თანამეგობრობის ღირსეული წევრი და ნაწილია, – განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბათუმში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, 25 ივნისს, ყოველწლიურად აღნიშნავს მეზღვაურთა პროფესიულ დღეს. ამჯერად საზეიმო ღონისძიებები ბათუმის ცენტრალური პარკიდან დაიწყო – გაიმართა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტთა მსვლელობა სასულე ორკესტრის თანხლებით. ნავმისადგომზე კი მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილება მიიღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ქალაქ ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ალექსი ახვლედიანმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა, საზღვაო სექტორის წარმომადგენლებმა და მიწვეულმა სტუმრებმა.
ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში ქართველ მეზღვაურებს მადლობა გადაუხადა ქვეყნისა და საქმისადმი ერთგულებისა და ღირსეული სამსახურისთვის. ვიცე-პრემიერმა რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა, მათ შორის, ქვეყნისთვის საზღვაო განათლების და საზღვაო ტრანსპორტის დარგში მოქმედ საერთაშორისო კონვენციებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის მნიშვნელობის შესახებ. მისი განცხადებით, მთავრობის მიერ სწორედ ამ მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების შედეგად საქართველო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ე.წ. „თეთრ სიაში“ ირიცხება. ამასთან, მიმდინარე წლის მაისში საქართველო შეუერთდა მეზღვაურთა შრომის კონვენციას და მიღებული იქნა ამ კონვენციის შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა – „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს მეზღვაურების სოციალური და შრომითი უფლებების დაცვას.
„ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად შევძელით ის, რომ საქართველოს მეზღვაურის პროფესია დღეს კიდევ უფრო დაფასებულია. საზღვაო სექტორი დიდი სატრანსპორტო სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილია და ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მსოფლიოს კომერციული ტვირთების 90% სწორედ საზღვაო ტრანსპორტით გადაიზიდება. საქართველო, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო-ლოგისტიკური ფუნქციის ქვეყანა, ზღვასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკაც იმისკენაა მიმართული, რომ განვავითაროთ ინფრასტრუქტურა. ჩვენ განვაცხადეთ ძალიან მნიშვნელოვანი, ამბიციური პროექტის შესახებ – მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობა დაიწყებს ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის როლს შავ ზღვაზე. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო წარმატებულები ვიქნებით სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ოპერაციებში, ქვეყანაში მეტი ეკონომიკა შეიქმნება“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა ბათუმში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებით გაგრძელდება, მათ შორის: საზღვაო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დააჯილდოებენ საზღვაო პროფესიის წარმომადგენლებს. ასევე, ტრადიციულად შედგება გარდაცვლილი მეზღვაურებისთვის პატივის მიგების ცერემონია.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.