ლევან დავითაშვილმა „მდგრადი განვითარების მიზნების“ მსოფლიო სამიტზე საქართველოს მთავრობის პოლიტიკასა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა
ლევან დავითაშვილმა „მდგრადი განვითარების მიზნების“ მსოფლიო სამიტზე საქართველოს მთავრობის პოლიტიკასა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა

საქართველო, თავისი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობით და მრავალფეროვანი ეკოსისტემებით, განსაკუთრებით მგრძნობიარეა კლიმატის ცვლილების ზემოქმედების მიმართ. ამრიგად, სხვა ერებთან თანამშრომლობა არის არა მხოლოდ ვარიანტი, არამედ აუცილებლობა, – განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დუბაიში მიმდინარე SDGs in Action 2024 წლის მსოფლიო სამთავრობო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

დუბაიში ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფებიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები – მარიამ ქვრივიშვილი და გენადი არველაძე.

ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესსა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველოს მთავრობის ვალდებულება, შეუსაბამოს თავისი ეროვნული პოლიტიკა SDG-ებს, ადასტურებს ამ გამოწვევების გლობალური ბუნების აღიარებას და ეფექტური გადაწყვეტილებების პოვნაში თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამ მიზნების რეალიზება მოითხოვს არა მხოლოდ ინდივიდუალურ ძალისხმევას, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე შეთანხმებულ და კოორდინირებულ მიდგომას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს ხელმისაწვდომ, საიმედო, მდგრად და თანამედროვე ენერგიას ყველასთვის, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას, ინოვაციების ხელშეწყობას, მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნასა და უთანასწორობის შემცირებას როგორც ცალკეულ ქვეყნებში, ისე ქვეყნებს შორის“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ადამიანური კაპიტალის განვითარება, განათლებისა და ტრენინგის ხარისხის გაუმჯობესება და განათლების ხარჯვის ეფექტურობის გაზრდა იქნება მთავარი მიმართულებაა მაღალპროდუქტიულ ეკონომიკურ სექტორებში დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის, შინამეურნეობების შემოსავლების გაზრდისა და უთანასწორობისა და სიღარიბის შესამცირებლად.

ტექნოლოგიური მიღწევები და ინოვაციები და მათი როლი ამა თუ იმ სექტორში სხვადასხვა შოკის უარყოფითი ზემოქმედების შერბილებაში, დაწყებული ჯანდაცვისა და ტელეკომუნიკაციებიდან სოფლის მეურნეობით დამთავრებული, ასევე ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა – ლევან დავითაშვილმა სამიტზე გამოსვლისას ამ საკითხებზე გააკეთა აქცენტი. ამასთან, მან დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ამ კუთხით საქართველოს მთავრობის ინიციატივებსა და პროექტებზე.

„საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მტკიცეა გადაწყვეტილებაში, გაააქტიუროს SDGs მიმართულება ადგილობრივ თვითმმართველობებში. ამ მიზნით, 2021 წელს შეიმუშავა SDGs ადგილობრივ დონეზე განხორციელების გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, გაერო-ს სახელმძღვანელო პრინციპებსა და საქართველოს რეალობის კონტექსტს. გეგმის განხორციელების საპილოტე პროგრამები უკვე დაიწყო და საწყის ეტაპზე შეირჩა ხუთი დიდი ქალაქი. ამ დროისთვის პროცესში უკვე ჩართულია 32 მუნიციპალიტეტი. საქართველოს მთავრობის მიზანია 2025 წლისთვის 64-ვე მუნიციპალიტეტში მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს 2030 წლისთვის დასახული მიზნების მიღწევას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“ 2015 წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში. რეზოლუციაში გაწერილია მდგრადი განვითარების 17 მიზანი (SDG) და ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხები. აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი შეუერთდა აღნიშნულ რეზოლუციას.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.