ლევან დავითაშვილმა კრიტიკული ნედლეულის უწყვეტი მიწოდების საკითხებთან დაკავშირებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა GLOBSEC 2022 BRATISLAVA FORUM-ის ფარგლებში კრიტიკული ნედლეულის უწყვეტი მიწოდების საკითხებთან დაკავშირებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კრიტიკული ნედლეულის (CRMs) უწყვეტ მიწოდებასთან დაკავშირებული ფუნდამენტური საკითხების განხილვა, რათა მიღწეულ იქნას სტრატეგიულ ევროპულ ეკოსისტემებზე მწვანე და ციფრული გადასვლა და მდგრადობის გაძლიერება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კრიტიკული ნედლეულის მდგრადი და სანდო წყაროების მოძიება წარმოადგენს კონკურენტუნარიანი ევროპული ეკონომიკის განვითარების და სტრატეგიული დამოუკიდებლობის წინაპირობას.
ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო კრიტიკული ნედლეულის პაკეტის საკვანძო საკითხების განხილვაში და აღნიშნა, რომ საქართველო მინერალური რესურსებით მდიდარი ქვეყანაა. ამავე დროს, ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კრიტიკული მნიშვნელობის მინერალების იდენტიფიცირების კუთხით საქართველოს უფრო დიდი პოტენციალი აქვს და მზადაა, აქტიურად გააგრძელოს მუშაობა შესაძლო პარტნიორებთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ევროკომისია აქტიურად მუშაობს კრიტიკული ნედლეულის პაკეტის მომზადებაზე, რომელიც უზრუნველყოფს ევროპის ეკონომიკისთვის კრიტიკული ნედლეულის უწყვეტი მიწოდების მიზნით გრძელვადიანი და სისტემური მიდგომების შემოღებას.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.