საქართველოს მთავრობისა და „იუესაიდის“ სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ყვარელში ახალი სამაცივრო მეურნეობა გაიხსნა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან ერთად, ყვარელში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „აგროსთორი“ გახსნა.
თანამედროვე სტანდარტით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ამოქმედდა.
კოოპერატივი „აგროსთორი“ მარწყვის, ჟოლოს, ხურმისა და ატმის მწარმოებლებს წინასწარი გაგრილებისა და ცივად შენახვის მომსახურებას შესთავაზებს და შიდა და საექსპორტო ბაზრებზე პროდუქციის რეალიზებას მოახდენს.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტი – 72 436 აშშ დოლარი გამოყენებულ იქნა ცივი შენახვის ორი სათავსოსა და წინასწარი გაგრილების ოთახის აღჭურვილობის შესაძენად. 300 მ2 მიწისა და 180 მ2 ფართის შენობის შეძენისა და რეკონსტრუქცია/გაფართოებისთვის, მისი საჭირო ავეჯითა და მოწყობილობებით აღჭურვისთვის კოოპერატივმა გამოიყენა საკუთარი ფულადი სახსრები.
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში კოოპერატივმა ყვარლის მუნიციპალიტეტში სამ ჰექტარზე გააშენა ჟოლოს ბაღი. სააგენტოს თანადაფინანსებამ 30 000 ლარი შეადგინა.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან კონსულტაციით, კოოპერატივმა ჟოლოს ახალი სახეობა Tulamagic გააშენა. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ამ სახეობის ჟოლო ადვილად ტრანსპორტირებადია და შენახვის ხანგრძლივობა მეტი აქვს. შესაბამისად, ის საუკეთესოა საექსპორტოდ.
კოოპერატივი მუდმივად ექვს, სეზონურად კი 150-მდე ადგილობრივს დაასაქმებს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „აგროსთორი“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შეღავათიანი აგროკრედიტი – 390 000 ლარი მიიღო.
როგორც ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, USAD-ისა და საქართველოს თანამშრომლობის შედეგად ამოქმედებული სამაცივრე მეურნეობა ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობას, მიიღოს უფრო მეტი შემოსავალი.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები და აღვნიშნავთ კიდევ ერთ წარმატებულ ისტორიას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. USAD-ისა და საქართველოს თანამშრომლობის შედეგად ამოქმედებული სამაცივრე მეურნეობა ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობას, რომ მიიღოს უფრო მეტი შემოსავალი და დასაქმდეს უფრო მეტი ადამიანი. სოფლის მეურნეობა არის უმთავრესი სექტორი USAD-ის საქართველოში საქმიანობისთვის. მართლაც მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო „აგროსთორი“, რომელიც დაარსდა. იგი საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას, რომ მალფუჭებადი ხილი შეინახონ და გააფართოვონ სარეალიზაციო ბაზარი. ეს ხელს შეუწყობს ხარისხის გაზრდას, შემოსავალსა და ფასს. ჩვენ ძალიან ვამაყობთ საერთო საქმიანობით კერძო სექტორს, USAD-სა და საქართველოს მთავრობას შორის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.