ლევან დავითაშვილმა და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა ქართლის ქარის ელექტროსადგური დაათვალიერეს
ლევან დავითაშვილმა და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა ქართლის ქარის ელექტროსადგური დაათვალიერეს

საქართველოში ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და კადრი სიმსონი ქართლის ქარის ელექტროსადგურს ეწვივნენ და ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურას, მისი მუშაობის პროცესს პირადად გაეცნენ.

ქართლის ქარის ელექტროსადგური საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და ევროკომისარმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის ფორმატში თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ დაათვალიერეს. როგორც მათ აღნიშნეს, პროექტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სფეროში, კერძოდ კი განახლებადი ენერგიების სექტორში წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია.

ქართლის ქარის ელექტროსადგურის პროექტი 2016 წელს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, ელექტროსადგურის სიმძლავრე 20,7 მგვტ; გამომუშავება კი 84.1 მლნ. კვტ/სთ-ს შეადგენს. ის რეგიონში პირველი ამ ტიპის პროექტია.

მხარეების მიერ როგორც შეხვედრისას, ისე პრესკონფერენციაზე ხაზგასმულ იქნა, რომ განახლებადი ენერგიების განვითარების სფეროში საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა ერთ-ერთი პრიორიტეტული და პერსპექტიული მიმართულებაა და მომავალშიც გაგრძელდება კონკრეტული პროექტების სახით.

კადრი სიმსონმა ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია და საჭირო საქართველოში განახლებადი ენერგიების სექტორში, კერძოდ კი, ქარისა და მზის ელექტროსადგურებში ინვესტირება, რათა ელექტროენერგიით ვაჭრობა მთელი წლის განმავლობაში შეუფერხებლად ხორციელდებოდეს.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.