ლევან დავითაშვილმა და დავით ზალკალიანმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს „დიპლომატიურ რთველში“ უმასპინძლეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს „დიპლომატიურ რთველში“ უმასპინძლეს.
„დიპლომატიური რთველი 2020“-ის მონაწილეები წინანდალში, ღვინის კომპანია „შუმს“ ეწვივნენ. უცხოელმა დიპლომატებმა კომპანიის ტერიტორიაზე მდებარე ღვინის მუზეუმი „ვაზიონი“ დაათვალიერეს, საწარმოს მიმდებარედ გაშენებულ ვაზის უნიკალურ ჯიშებს გაეცნენ და ტრადიციულ რთველში მიიღეს მონაწილეობა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა უცხოელ დიპლომატებს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის მნიშვნელობასა და 2020 წლის რთველის მიმდინარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა სტუმრებს რთველის ტრადიციაც გააცნო.
„ტრადიციულად, რთველი საქართველოში ზეიმთან ასოცირდება. ეს არის მოსავლის დაბინავება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი მომენტია ყველა ქართველისთვის. გვსურს, ჩვენი ტრადიციული კულტურა უცხოელ მეგობრებს, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ წარმომადგენლებს და ელჩს გავაცნოთ. შესაბამისად, ეს ღონისძიება არის ქართული კულტურის ჩვენება, გაზიარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი კულტურა და ღვინის ცნობადობა საერთაშორისო ასპარეზზე გავიტანოთ. 2020 წელს, არსებული გამოწვევებისა და სირთულეების მიუხედავად, შევძელით, რომ მოსავალი პრობლემების გარეშე დაბინავდეს, არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს და ჩვენი ფერმერების შრომა დაფასდეს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თავის მხრივ, აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ინიციატივის მნიშვნელობა, რომელიც კარგი შესაძლებლობაა საქართველოს კულტურისა და ტრადიციების, ასევე ტურისტული პოტენციალის წარმოჩენისთვის.
„ყოველწლიურად, რთველის დროს, ჩვენ ვიწვევთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რათა გავაცნოთ ჩვენი მდიდარი კულტურა, ტრადიციები, ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ისტორია, რაც საქართველოს სავიზიტო ბარათია ყველგან. წელს, მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ მაინც ჩავატარეთ ტრადიციული დიპლომატიური რთველი. პირველ რიგში, მინდა განსაკუთრებული მადლობა გამოვხატო ჩემი კოლეგის, სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის მიმართ, რომელიც დღევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი ინიციატორია და ამ ადგილის, „შუმის მეღვინეობის“ შემქმნელი ადამიანების მიმართ. ეს ღონისძიება, ჩვენი სტუმრებისთვის არამხოლოდ ტრადიციების გაცნობას ემსახურება, არამედ საქართველოს უკეთ წარმოჩენის, ცნობადობის ამაღლების კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.