ლევან დავითაშვილმა ბიოფარმაცევტული ​მაღალტექნოლოგიური საწარმოს გახსნაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ და GITA-ს ხელშეწყობით შეიქმნა
ლევან დავითაშვილმა ბიოფარმაცევტული ​მაღალტექნოლოგიური საწარმოს გახსნაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ და GITA-ს ხელშეწყობით შეიქმნა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბიოფარმაცევტული კომპანიის, „ბიოქიმფარმის“ ბაქტერიოფაგების ახალი, მაღალტექნოლოგიური საწარმოს გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ფაგის პრეპარატების პირველი ინდუსტრიული მასშტაბის მწარმოებელი ქარხნის გახსნას, რომელიც სტერილური (ასეპტიკური) წარმოების გაიდლაინებს აკმაყოფილებს, ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი, FAO-ს პროექტების კოორდინატორი საქართველოში ხავიერ სანზ ალვარესი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე.

ისტორიული საწარმოს მოდერნიზაციისა და გადაიარაღების პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. კომპანიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ასევე ევროკავშირის, EBRD-ისა და FAO-ს ხელშეწყობით, 17,5 მილიონი ლარის საინვესტიციო პროექტი განახორციელა. შედეგად, „ბიოქიმფარმმა“ საწარმო ევროკავშირის GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) გაიდლაინების შესაბამისად აღჭურვა, რაც ევროკავშირში მიღებული სტანდარტია.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ციფრული ტექნოლოგიების მხარდაჭერასთან ერთად, სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიოტექნოლოგიების მხარდაჭერა.

„ჩვენი სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ასევე „აწარმოე საქართველოში“ მუდმივად ახორციელებენ მსგავსი კომპანიების ინიციატივების იდენტიფიცირებას და მხარდაჭერას. მოხარულები ვართ, რომ საწარმო წარმატებით ფუნქციონირებს და აგრძელებს იმ დიდ ტრადიციებს, რომელიც ქვეყანას ბაქტერიოფაგების წარმოების კუთხით გააჩნია. ამ კუთხით, როგორც იცით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან. ამიტომ მისასალმებელია, რომ ის ტრადიციები, რომელიც ქვეყანაში არსებობდა, შენარჩუნებულია. მნიშვნელოვანია, რომ საწარმოში შექმნილი პროდუქტი არის საექსპორტო და საქართველო ტექნოლოგიების რუკაზე, მათ შორის ბიოტექნოლოგიების რუკაზე, ამ საწარმოს მეშვეობით ამაყად იქნება წარმოდგენილი მომავალში. სახელმწიფო კი კვლავაც გააგრძელებს მსგავსი ტექნოლოგიური საწარმოების, ტექნოლოგიური პროექტებისა და ინიციატივების მხარდაჭერას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.