ლევან დავითაშვილმა ბერლინში საერთაშორისო მედიას საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო
ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე მყოფი საქართველო უნიკალური კულტურით, ღვინის სამშობლო, მეღვინეობის უწყვეტი ტრადიციების 8000-წლიანი ისტორიით. ადგილი, საიდანაც პირველი ევროპელები მოვიდნენ, ქართული ანბანი – მსოფლიოს 14 ანბანიდან ერთ-ერთი, რომლის ჯადოსნური სტრუქტურა ექსკლუზიურია ორიგინალური დამწერლობის სისტემებს შორის და ჭეშმარიტად ასახავს ქართული კულტურის განსაკუთრებულობას, – ასე გააცნო ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველო საერთაშორისო მედიას ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ლევან დავითაშვილმა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან და საინტერესო ტურისტულ მიმართულებაზე, ასევე სხვადასხვა სექტორში ქვეყნის წარმატებებზე ისაუბრა.
საქართველო წელს ITB ბერლინის მასპინძელი ქვეყანაა – ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და წარმომადგენლობითი ფორუმია ტურიზმის სექტორში, რომელსაც 180-ზე მეტი ქვეყნიდან 200 ათასამდე ვიზიტორი დაესწრება. გამოფენაში, რომელიც იმართება სლოგანით „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“, წელს 80-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორიდან.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა კარგად ჩამოყალიბებული ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულება გახდეს. შესაბამისად, ინვესტიციები ხორციელდება არაერთი მიმართულებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ხდება ახალი, მიმზიდველი მიმართულებების, ბალნეოლოგიური კურორტების, საბაგიროების, კონკურენტული სერვისების განვითარება.
„მთავრობა განსაკუთრებულ აქცენტს ამახვილებს საჰაერო კავშირის გაუმჯობესებაზე, ლიბერალიზებული საავიაციო ბაზრის მეშვეობით მეტი ავიაკომპანიის მოზიდვით და კონტინენტების, ქვეყნებისა და ხალხის დამაკავშირებელი ახალი საერთაშორისო მიმართულებების შემუშავებით. ამჟამად საქართველოში მდებარე სამი საერთაშორისო აეროპორტიდან 38 ავიაკომპანია მუშაობს 59 მიმართულებით, მათ შორის 30 – ევროპის მიმართულებით. გარდა ამისა, ლიბერალური სავიზო პოლიტიკა 95-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ უვიზო რეჟიმით, რაც ამარტივებს მოგზაურობის დაგეგმვას და ამავდროულად მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტურიზმის ინდუსტრიას. ამ ძალისხმევის შედეგად, საქართველომ მოახერხა, გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება მსოფლიოში, რომელიც ყოველწლიურად საკუთარი მოსახლეობის რაოდენობაზე სამჯერ მეტ ტურისტს მასპინძლობს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველომ დაამტკიცა, რომ აქვს საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებების განხორციელების უნარი, რისი ერთ-ერთი მაგალითიც გასული ორი კვირის განმავლობაში ბაკურიანში წარმატებით ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატია ფრისტაილში, სნოუბორდისა და ფრისკიში.
ლევან დავითაშვილის შეფასებით, ტურიზმის სექტორის განვითარების მიზნით სხვადასხვა მიმართულებით გაწეული სამუშაოების შედეგი საბოლოოდ 2022 წელს მოგზაურობიდან შემოსავლების 8%-იან ზრდაში აისახა. 5,5 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი და ტურიზმის სექტორიდან შემოსული 3,5 მილიარდი აშშ დოლარი – ასეთია გასული წლის სტატისტიკა. მინისტრის თქმით, ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ქვეყანამ გაატარა ეფექტიანი და სწორი პოლიტიკა და მიაღწია შემდგომ მნიშვნელოვან წარმატებებს ამ მიმართულებით.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.