ლევან დავითაშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე, რომელსაც ასზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, ლევან დავითაშვილმა „კოვიდ-19“-ით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის დასაძლევად მომზადებული ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში შემუშავებული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული პროგრამები ფერმერებს მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში დაეხმარება.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვაქვს განსაზღვრული, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება, როგორც ექსპორტისთვის, ისე თვითუზრუნველყოფის ზრდისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობას. სამინისტროს აქვს რამდენიმე კონკრეტული პროექტი, რომელიც უკავშირდება ორგანიზებულ აგროზონებს, რაც არის პლატფორმა, კვალიფიციური ინვესტორების მოსაზიდად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაზე ბიზნესის პროგრამების მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ წარმოადგინა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.