ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, გორში დაზარალებული მოსახლეობისთვის სესხების გადავადებაზე შეთანხმება მიღწეულია
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გორში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შიდა ქართლის გუბერნატორთან ერთად შეხვდა.
ლევან დავითაშვილმა მოსახლეობას კონკრეტული დახმარების პაკეტი შესთავაზა.
როგორც მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, უწყებას ბანკებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან შუამდგომლობა უკვე დაწყებული აქვს და დაზარალებულებისთვის სესხების გადავადების შესახებ შეთანხმება მიღწეულია.
დავითაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებულები ჰექტარზე 200-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. მისივე თქმით, საირიგაციო გადასახადს ბარათების მეშვეობით სახელმწიფო დაფარავს. მინისტრმა ასევე ისაუბრა დონორული პროგრამის დაწყების შესახებ. ლევან დავითაშვილის ამ შეთავაზებაზე მოსახლეობამ უკმაყოფილება გამოთქვა. ადგილობრივები ითხოვენ, რომ იმ ოჯახებისთვის, ვინც არ არის დაზღვეული, აგროდაზღვევაზე სახელმწიფოს მიერ 70 %-იანი წილის ანაზღაურება მოხდეს.
„ყველას გვესმის, რომ დიდია ზარალი და დიდია ემოციური ფონი, ჩვენც შეზღუდული ვართ გადაწყვეტილებებში, რადგან სტიქია არ ინდობს სხვადასხვა მუნიციპალიტეტს”, – განაცხადა მინისტრმა დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, გარკვეული რესურსი მოინახება, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მოახერხოს მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების გადაწყვეტა, რაც უკავშირდება მრავალწლიანი კულტურების გადარჩენას.
„გვესმის საზღვრისპირა სოფლების განსაკუთრებული მდგომარეობა, სადაც იმედი გვაქვს, გარკვეული პროექტები იქნება დონორთა მხარდაჭერით. გარკვეული რესურსი მოინახება, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მოახერხოს მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების გადაწყვეტა, რაც უკავშირდება მრავალწლიანი კულტურების გადარჩენას.
დღეს გვაქვს დონორებთან ამაზე საუბარი. ასევე, საუბარი გვქონდა მიწის რეგისტრაციასა და აგროდაზღვევის გაგრძელებაზე. იმედი გვაქვს, 2020 წლის პროდუქტი კიდევ უფრო ადეკვატური და ფერმერების საჭიროებაზე მორგებული იქნება. რაც უფრო მეტი ფერმერი ჩაერთვება, მით უფრო გაიაფდება და ხელმისაწვდომობა გაიზრდება.
ვისაუბრეთ იმ რისკებზე, რაც დღეს არ იფარება დაზღვევის ფარგლებში. ვისაუბრეთ გარკვეულ დახმარებაზე, რომელიც უკავშირდება ირიგაციის მომსახურებას და მოვახდენთ საშეღავათო რეჟიმით დაფინანსებას”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.