ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო ბიზნესისთვის 50-მდე კურორტის საპრივატიზაციო პაკეტის შეთავაზებას გეგმავს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უახლოეს ხანებში ბიზნესისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული 50-მდე კურორტის საპრივატიზაციო პაკეტის შეთავაზებას გეგმავს.
ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, სამინისტროს გუნდმა და „კურორტების განვითარების სააგენტომ“ რამდენიმე თვე იმუშავეს ქვეყნის მასშტაბით არსებული კურორტების შესწავლის მიზნით. ისინი ეწვივნენ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს, იმუშავეს ადგილობრივ ხელისუფლებებთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან, ასევე ტურიზმის სექტორში ჩართულ პირებთან.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, შესწავლილ იქნა როგორც არსებული კურორტების მდგომარეობა, ასევე პერსპექტიული, პოტენციური კურორტების განვითარების შესაძლებლობები.
„დღეს შეფასებული და გამზადებულია 50-მდე ლოკაცია, რომლებიც, ჩვენი აზრით, ინვესტორებისთვის იქნება საინტერესო. ესენია სხვადასხვა მიმართულების ლოკაციები – ბალნეოლოგიური თუ სხვა მიზიდულობის მქონე. ჩვენ უახლოეს ხანებში დავიწყებთ ბიზნესთან პროაქტიულ კომუნიკაციას, რათა მოვიზიდოთ ინვესტიციები. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დაიწყებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო შეთავაზებებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მისი უწყება იმუშავებს უფრო ფართო არეალებზე გენგეგმების შემუშავების კუთხით, რათა ეს კურორტები თუ საკურორტე ადგილები სწორი გეგმის შესაბამისად განვითარდეს და არ მოხდეს ქაოტური განვითარება.