ლევან დავითაშვილის განცხადებით, თევზის ქარხანა, რომლის მიზეზითაც ფოთში თევზის უსიამოვნო სუნი კვლავ გავრცელდება, მუშაობას შეაჩერებს
ლევან დავითაშვილის განცხადებით, თევზის ქარხანა, რომლის მიზეზითაც ფოთში თევზის უსიამოვნო სუნი კვლავ გავრცელდება, მუშაობას შეაჩერებს

ფოთში, თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებები დასრულდა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ქარხანა, რომელშიც სანიტარული ნორმები არ იქნება მოწესრიგებული, გაჩერდება. ასევე გაჩერდება იმ ქარხნის სამუშაო პროცესი, რომლის მიზეზითაც ქალაქში თევზის უსიამოვნო სუნი კვლავ გავრცელდება.

მინისტრის თქმით, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ფოთში მონიტორინგს გაუწევს აღნიშნულ პრობლემას და კომუნიკაცია ექნება ხელისუფლებასთან.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ სუნით გამოწვეული მდგომარეობა, რომელიც თევზის საწარმოო პროცესს უკავშირდება მოსახლეობისთვის გაუსაძლისი არ უნდა იყოს. ამიტომ საწარმოების ხელმძღვანელები თანხმდებიან, რომ თუ რომელიმე არ შეესაბამება ნორმებს, ის საწარმო არ გააგრძელებს მუშაობას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ჩვენი კანონმდებლობა გარემოს ზემოქმედების შემთხვევაში ითვალისწინებს როგორც სანქციებს ჯარიმის სახით, ისე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას კომპანიების მხრიდან. ჩვენი აზრით, სანქციები უფრო უნდა გამკაცრდეს, რაც უკავშირდება ჯარიმებს და ეს ინიციატივა საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა მთავრობის მხრიდან. რაც შეეხება მოკლევადიან გეგმას, სეზონის განმავლობაში სამოქალაქო აქტივთან ერთად, სამუშაო ჯგუფი, გუბერნია ვიმუშავებთ, რომ თუ გამოვლინდა ისევ პრობლემა, საწარმოები ვერ გააგრძელებენ მუშაობას. საღი უნდა იყოს სანედლეულო ბაზა. ხშირ შემთხვევაში პრობლემა და სუნი წარმოქმნილი იყო იმის გამო, რომ არ ხდებოდა დროულად მიწოდება საწარმოებისთვის. წელს არის დიდი მოსავალი და გაფუჭების გარეშე უნდა მივიდეს და გადამუშავდეს საწარმოებში. უმრავლეს საწარმოს აქვს თანამედროვე ფილტრები და გამწმენდი საშუალებები, მაგრამ მათ მიმართ მაინც გვაქვს პრეტენზია. ეს უკავშირდება გამოყენებული წყლების უტილიზაციას და საწარმოების მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან გადაწყდა, რომ სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში ალექსანდრე მოწერელია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოზე ზედამხედველობისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების, საკრებულოს წევრები და რიგითი მოქალაქეები ფოთში არსებულ თევზის ქარხნებს დაათვალიერებენ.